ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში მოხალისედ იბრძოდა, შემდეგ კი რუსმა სამხედროებმა დააკავეს, დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ავრცელებენ.
საუბარია 45 წლის პოლ ურეიზე, რომელიც აპრილის ბოლოს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დააკავეს. მას ბრალად სეპარატისტებმა „დაქირავებულ საქმიანობაში“ მონაწილეობა წაუყენეს, შემდეგ კი სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალს დაკავებული ბრიტანელი არ აღიარებდა.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
დარია მოროზოვა, რომელიც ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის სტატუსი აქვს ოკუპირებულ ტერირორიაზე, ამბობს, რომ ურეის დიაბეტი, რესპირატორული პრობლემები, თირკმლებისა და გულსისხლძარღვთა პრობლემები ჰქონდა.
„დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. თუმცა, დიაგნოზისა და სტრესის გათვალისწინებით, ის 10 ივლისს გარდაიცვალა,“- ამბობს მოროზოვა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ უწყებამ დაღუპულის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდა.
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ომის დროს რამდენიმე უცხოელი მოხალისის ლიკვიდაცია და რამდენიმე მათგანის დაკავება შეძლეს. დაკავებულებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მძიმე ბრალდება წარუდგინეს.
კიევი ტყვეთა გაცვლის პროცესით ცდილობდა დაკავებულების გათავისუფლებას.
Facebook Forum