ოთხშაბათს პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ წარმატებით გამოსცადა კორპორაცია „ლოქჰიდ მარტინის“ ორი ჰიპერბგერითი რაკეტა. ეს ხდება მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთს და ჩინეთს საკუთარი ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაში მეტი წარმატება აქვთ.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაადასტურა, რომ კალიფორნიის სანაპიროსთან წარმატებით გამოსცადა ავია-ბაზირების „სწრაფი რეაგირების იარაღის“ (ARRW) ამაჩქარებელი. სააგენტო „როიტერი“ ამ გამოცდის შესახებ იუწყებოდა, რომ ამაჩქარებელი გაშვებამდე ბომბდამშენ B52H-ის ფრთის ქვეშ იყო დამაგრებული. ადრინდელი გამოცდების დროს იარაღი ფრთას არ მოსცილდა.
შეიარაღების სამმართველოს პროგრამის აღმასრულებელმა ოფიცერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა ჰიტ კოლინსმა თქვა: „ახლა ამაჩქარებლის გამოცდების სერია დავასრულეთ და მზად ვართ წლის ბოლოს სრულ გამოცდაზე გადავიდეთ“.
„სრული გამოცდა“ ამაჩქარებელს და საბრძოლო ქობინს მოიცავს.
ჰიპერბგერითი იარაღის სხვა გამოცდა, მოწინავე თავდაცვითი კვლევის პროექტების სააგენტომ (DARPA) ჩაატარა და დაადასტურა, რომ ჰიპერბგერითი იარაღის სამუშაო გაშვების პირველი გამოცდა წარმატებული იყო. გამოცდა ნიუ-მექსიკოს უაით სენდის სარაკეტო პოლიგონზე მოხდა.
DARPA-ს იარაღისთვის „ლოქჰიდ მარტინის“ ერთ-ერთი კონცეფცია, არსებული მაღალი მობილურობის რაკეტული საარტილერიო სისტემის (HIMARS) გამშვების გამოყენებაა. ეს ის სისტემებია, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა.
ჰიპერბგერით სისტემებზე იარაღის მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კორპორაციები მუშაობენ, როგორიცაა „ლოქჰიდ მარტინი“ , „ნორთროპ გრუმანი“ და „რეითეონი“.