ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის საქართველოს ხელმოწერა არ არის


40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, მხარი დაუჭირეს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

ერთობლივი განცხადება ევროკომისიის საიტზე 13 ივლისს გამოქვეყნდა:

„ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სარჩელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ, გაეროს 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რაც გულისხმობს გაფრთხილებას გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის თაობაზე და რომელიც მიმართულია იმის დასადგენად, რომ რუსეთს არ ჰქონდა არანაირი კანონიერი საფუძველი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასაწყებად, რომელიც ეყრდნობოდა გენოციდის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ კვლავ ვუსვამთ ხაზს ამ განხილვის აუცილებლობას და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი ოპერაციები უკრაინაში, როგორც ამის შესახებ ნათქვამია 16 მარტს გამოცემული დროებითი ღონისძიების დადგენილებაში".

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის“ საფუძველზე, მიმართა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც 16 მარტს გამოსცა დროებითი ღონისძიება და რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.

„კონვენციის ხელმომწერი მხარეებისთვის, და უფრო ფართო მოსაზრებითაც - მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისათვის - უმნიშვნელოვანესია, რომ კონვენცია არადანიშნულებისამებრ და ბოროტად არ იქნას გამოყენებული. აი, სწორედ ამიტომ აპირებენ დეკლარაციის ხელმომწერები - გენოციდის კონვენციის მხარეები - ჩაერიონ ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა მოახერხონ და საერთაშორისო სასამართლოს გაუზიარონ არსებითი დებულებების თავიანთი ინტერპრეტაციები. ჩვენ ვიმეორებთ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მის ქმედებებზე. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა მისი საერთაშორისო პასუხისმგებლობაა და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას სახელმწიფო პასუხისმგებლობის კანონის თანახმად“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სარჩელით პირველ ივლისს მიმართა.

13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მარტში, 38 ქვეყანასთან ერთად მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით: „ჩვენ ვდგავართ სამართლიანობისთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - ამ შინაარსის განცხადება დადო საქართველოს საგარეო სამინისტრომ უწყების „ტვიტერის“ გვერდზე.

რატომ არ არის საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერ ქვეყნებს შორის? - ამ კითხვით "რადიო თავისუფლებამ" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG