უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, 600-ზე მეტი რუსია გამოვლენილი, რომლებიც უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილი. ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ მათ შორის "უმაღლესი სამხედრო პირები, პოლიტიკოსები და რუსეთის პროპაგანდის აგენტები" არიან.
განცხადება ვენედიქტოვამ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიდერლანდებში ვიზიტის განმავლობაში, უკრაინის გენერალური პროკურორი შეხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს და მათ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა შესახებ მიმდინარე გამოძიებებზე და სასამართლო პროცესებზე ესაუბრა.
"ყველაფერი სწორად უნდა შევაგროვოთ და დავიცვათ. ეს უნდა იყოს ნებისმიერი სასამართლოსთვის მისაღები მტკიცებულებები" - აღნიშნავს ვენედიქტოვა. უკრაინას გამოძიების პროცესში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის და პოლონეთის წარმომადგენლები ეხმარებიან. უცხოელ ექსპერტთა გუნდი ასევე ჩართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებაში, რომელმაც პოტენციურ ომის დანაშაულებათა მუხლით, საქმე მარტში აღძრა.
რუსეთი დაბეჯითებით უარყოფს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის გამიზნულად მიზანში ამოღებას და სხვა დანაშაულს. 24 თებერვალს უკრაინასთან დაწყებულ ომს კრემლი დღემდე "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.
Facebook Forum