აფხაზი სეპარატისტების რეჟიმს უკვე მესამე წელია, ტყვეობაში საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ირაკლი ბებუა ჰყავს. ოჯახის ინფორმაციით, დრანდის ე.წ „ციხეში“ მოთავსებულ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ირაკლის ხერხემლის დაზიანება აქვს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი მკურნალობა შეუძლებელია.
"დროშა გაცნობიერებულად დავწვი"ირაკლი ბებუა, ოკუპირებულ გალში 2020 წელს დატყვევებული საქართველოს მოქალაქე
ირაკლი აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ქალაქ გალში მარტოხელა ბებიას სანახავად ხშირად გადადიოდა. ბოლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2016 წელს გადავიდა. ვინაიდან, სეპარატისტების ე.წ „პასპორტის“ და „ფორმა №9“-ის აღება ვერ შეძლო, გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და უკან გადმოსვლა ვეღარ შეძლო.
2020 წლის 26 სექტემბერს, როცა სეპარატისტები აფხაზეთიდან ქართველების გამოყრის 27-ე წლისთავს ზეიმობდნენ, ოკუპირებული გალის კულტურის სახლში, ირაკლიმ სეპარატისტების დროშას ცეცხლი წაუკიდა. დაკავების შემდეგ, მან თქვა, რომ ეს გაცნობიერებულად გააკეთა, რადგან სურდა რომ აფხაზებს და ქართველებს ძველი ურთიერთობა აღედგინათ.
საპასუხოდ, აფხაზებმა ირაკლის გალში, საცხოვრებელ სახლში, ბალიშის ქვეშ, RG-42 ტიპის ხელყუმბარა ჩაუდეს და ბებუა 9 წლით დრანდის ე.წ „ციხეში“ ჩასვეს. ბოლო სამი წლის მანძილზე, ბებუების ოჯახმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, მაგრამ უშედეგოდ. ირაკლის ტყვეობიდან დახსნა, საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა.
„აფხაზეთის ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგაც კი, ჩვენს სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, რომ (ირაკლის დატყვევებიდან) სამი წლის თავზე, საკუთარი მოქალაქე, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანოსთამუნა ბებუა, ირაკლი ბებუას ბიძაშვილი
„აფხაზეთის ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგაც კი, ჩვენს სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, რომ (ირაკლის დატყვევებიდან) სამი წლის თავზე, საკუთარი მოქალაქე, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანოს. ოჯახი არ გაჩერდება, სანამ ირაკლის არ გაათავისუფლებენ. ვთხოვთ, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი გამოიყენოს“ - თქვა პარლამენტის წინ გამართულ, სოლიდარობის აქციაზე, ირაკლი ბებუას ბიძაშვილმა თამუნა ბებუამ.
მისი თქმით, ხერხემალზე მძიმე პრობლემების გარდა, ირაკლის ბოლო თვეებია თავის და კუჭის ძლიერი ტკივილები აქვს. ვერ იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებს, აძლევენ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესების გამო, ბებუა დიდი ხანია საკნიდანაც ვეღარ გამოდის.
„ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის შესახებ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შემაშფოთებელი და ძალიან მძიმე ინფორმაცია გვესმის და ასევე არ ვიცით, რა ქმედით ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად“ - განაცხადა პარლამენტში ოპოციზიონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ოკუპირებულ ანკლავში, ქართველების გამოყრის 30-ე წლისთავის გამო, სეპარატისტებმა ე.წ „ამნისტია“ გამოაცხადეს. 2023 წლის ბოლომდე, „აფხაზურ ციხეებს“, სადაც 300-ზე მეტი "პატიმარია", რამდენიმე ათეული ადამიანი დატოვებს. მათ შორის, ირაკლი ბებუა არ იქნება. „გამარჯვების ოცდაათი წლისთავის გამო რომ გავათავისუფლოთ კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, მკრეხელობა იქნება“ - ასეთია სეპარატისტების პოზიცია.
„სახელმწიფო ეფექტური კონტროლის განხორციელებას მოკლებულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
„სახელმწიფო ეფექტური კონტროლის განხორციელებას მოკლებულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მისი თქმით, სუს-ი ყველა ბერკეტს იყენებს, "ოფიციალურს, არაოფიციალურს, ფორმატებს, საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მოვახერხოთ, არა მარტო ბებუას, იქ სხვა მოქალაქეებიც არიან, ყველას დროულად გამოშვება".
"როგორ შეიძლება, ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ ე.წ "სარეჟიმო დაწესებულებაში" არსებული ვითარება, აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს, ადამიანის უფლებების სტანდარტს, რაც ჩვენთან, ევროპის ქვეყნებში და ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს?! როგორ შეიძლება რომ იმ სტანდარტზე იყოს საუბარი?! მაგრამ, იმ პირობებს, რომ მის (ბებუას) სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ამას აკმაყოფილებს, ეს იცის ოჯახმაც" - ირწმუნება სუს-ის უფროსი.
„პატიმრების გათავისუფლება არ არის მარტივი საკითხი" - აღნიშნა საზოგადოების მძაფრი კრიტიკის საპასუხოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
წარმატების მიღწევა, ზოგჯერ შეუძლებელიაირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნება"
მისი თქმით, "სხვადასხვა წლებში, გვქონდა რამდენიმე რთული შემთხვევა. წარმატებულიც იყო ჩვენი პოლიტიკა სხვადასხვა დროს, თუმცა არის შემთხვევები, როცა პატიმრების გათავისუფლება ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს რომ ნებისმიერი პატიმარი გათავისუფლდეს, მაგრამ წარმატების მიღწევა, ზოგჯერ შეუძლებელია“ - თვლის კობახიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საერთო ჯამში, სხვადასხვა "ბრალდებით" საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დატყვევებული. ისინი დრანდის და ცხინვალის ციხეებში "იხდიან" სრულიად უკანონო "სასჯელს".
ირაკლი ბებუას გარდა ოკუპირებულ აფხაზეთში, 10 წლით არის "გასამართლებული" საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ქრისტინე თაკალანძეც. 2022 წლის ზაფხულში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი თაკალნაძე აფხაზურმა რეჟიმმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ, გამოგონილი „ჯაშუშობის ბრალდებით“ დააპატიმრა.