ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გალის ქართველობის იზოლაციას აგრძელებს


რუსული საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში, საოკუპაციო ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ერთი-ერთი ფუნდამენტური - თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის პოლიტიკას აგრძელებს. ოკუპანტების გეგმის მიხედვით, 2017 წელს, მდინარე ენგურზე მხოლოდ ერთი „საკონტროლო-გამშვები პუნქტი“ დარჩება, ყველა დანარჩენი კი გაუქმდება.

უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიკეტება ნაბაკევი-ხურჩას, ოტობაია-ორსანტიას და საბერიო-ფახულანის დამაკავშირებელი „გამშვები პუნქტები“. ამ გზებით, ყოველდღიურად, ოკუპირებული გალის რაიონის ათასობით მცხოვრები სარგებლობს. დილით, ზუგდიდის რაიონში გადმოდის, საღამოს, საოკუპაციო საზღვრის ჩაკეტვამდე კი ისევ უკან ბრუნდება.

რუსულ-აფხაზური გეგმის მიხედვით, ეს გადასასვლელები 2017 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დაიხუროს. საოკუპაციო საზღვარზე კი მხოლოდ ერთი გადასასვლელი დარჩება: მდინარე ენგურის ხიდი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხსა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯს აკავშირებს. რუსები ასევე ტოვებენ, ერთ ტექნიკურ გადასასვლელს, ამ გზით მხოლოდ „ენგურ ჰესის“ თანამშრომლები სარგებლობენ.

რუსი ოკუპანტების საკონტროლო გამშვები პუნქტი მდინარე ენგურზე
რუსი ოკუპანტების საკონტროლო გამშვები პუნქტი მდინარე ენგურზე

ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების აზრით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად გაართულებს ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას, შექმნის დამატებით რიგებს ენგურის ხიდზე, სადაც ახალი საშვების გამო. ისედაც პრობლემები ექმნებათ. სოფელ ქვემო ბარღების მცხოვრებლები კერძოდ ამბობენ

ქალბატონი: „ე.წ მე-9 ფორმაზე ბეჭდებს გვირტყამენ და ისე გადმოვდივართ. თუ, ბევრი ბეჭედია დასმული ამ ფორმაზე გვიჭერენ და არ გვიშვებენ. ხან აქვთ ბრძანება რომ გადმოგვიშვან, ხან - არა. ამას წინათ კამათი გვქონდა და არ გადმომიშვეს. წარმომიდგენია ერთ გადასასვლეს რო დატოვებენ, იქ რა იქნება.“

რუსი ოფიცრები გალში ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, რომ აწი გენოციდს აღარ მოგიწყობთ, თქვენ თვითონ იქნებით იძულებულნი რო დატოვოთ გალის რაიონიო“
სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი

მამაკაცი: „რუსი ოფიცრები გალში ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, რომ აწი გენოციდს აღარ მოგიწყობთ, თქვენ თვითონ იქნებით იძულებულნი რო დატოვოთ გალის რაიონიო.“

ოკუპირებულ აფხაზეთში ზუგდიდის რაიონთან დამაკავშირებელი „საკონტროლო-გამშვები პუნქტების“ გაუქმება, სეპარატისტების ამჟამინდელი ლიდერის რაულ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ხაჯიმბა 2004, 2009 და 2011 წლებში, ზედიზედ, სამჯერ დამარცხდა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ და სამივეჯერ, გალის რაიონის ქართველობის ხმების "წყალობით". დამატებითი გადასასვლელები მდინარე ენგურზე, 2013 წელს, სწორედ ხაჯიმბას მოწინააღმდეგე, დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ ალექსანდრე ანქვაბმა გახსნა, რომელსაც გალში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

2014 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც მოსკოვის დახმარებით, ხაჯიმბამ ანქვაბი აფხაზეთიდან გააძევა, მან საარჩევნო ხმის გარეშე დატოვა ეთნიკური ქართველებიც, გააუქმა რა მათზე გაცებული „აფხაზური პასპორტები“ და შედეგად, უპრობლემოდ მოიგო რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნები.

ენგურზე არსებული გადასასვლელების ჩაკეტვა, რუსი მესაზღვრეების მხარდაჭერით, ხაჯიმბამ 2016 წლის აპრილში, თაგილონი-შამგონას დამაკავშირებელი ხიდის გადაჭრით დაიწყო, რასაც მალევე, ლეკუხონა-ფახულანის გამშვები პუნქტის გაუქმებაც მოჰყვა. ამჟამად, რიგში კიდევ სამი გადასასვლელის დაკეტვაა.

თაგილონი-შამგონას დამაკავშირებელი ხიდი რუსებმა 2016 წლის აპრილში გადაჭრეს
თაგილონი-შამგონას დამაკავშირებელი ხიდი რუსებმა 2016 წლის აპრილში გადაჭრეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციაა, რომ მდინარე ენგურის გასწვრივ, საავტომობილო გზის მოწესრიგება, ავტობუსების დანიშვნა და ენგურის ხიდზე მიმდინარე რეაბილიტაცია, ასევე, ხიდზე უფასოდ, მოძრავი გაერო-ს მიკროავტობუსი, მოსახლოებას მიმოსვლას პირიქით გაუადვილებს.

რუსულ-აფხაზურ მორიგ სეგრეგაციულ გეგმას, ოფიციალური თბილისი ისევ ვერაფერს უპირისპირებს და მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედზეა დარჩენილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს

აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯომარეებმა ქმედითი ზომები მიიღონ რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება - რაც არის თავისუფლად გადაადგილების უფლება იყოს უზრუნველყოფილი“
დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი. აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯომარეებმა ქმედითი ზომები მიიღონ, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება - რაც არის თავისუფლად გადაადგილების უფლება იყოს უზრუნველყოფილი.“

საქართველო სახალხო დამცველმა ოკუპირებულ აფხაზეთში თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის გამო, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, როგორც ამ ზონაში კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ქვეყანას.

უჩა ნანუაშვილის შეფასებით, გამშვები პუნქების გაუქმება „ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ გაუმართლებელ დაბრკოლებებს ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნების მიმართულებით“.

ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების იძულება ისარგებლონ მხოლოდ ენგურის ხიდით, სახალხო დამცველის აზრით, „ნიშნავს მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას და გალის მოსახლეობის კიდევ უფრო იზოლაციას".

ეს პოლიტიკა გაზრდის უკანონო დაკავებების რიცხვს, ვინაიდან, ადგილობრივები იძულებულნი გახდებიან, ზუგდიდის რაიონში, შემოვლითი გზებით გადმოვიდნენ.

XS
SM
MD
LG