ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანქვაბის შამათი


ალექსანდრე ანქვაბი
ალექსანდრე ანქვაბი

ალექსანდრე ანქვაბმა, რომელსაც პოლიტიკური მტრები ორი წელი ენდშპილში ჰყავდა, ფინალური პარტია მაინც წააგო

ექვსდღიანი კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბის მოულოდნელი გადადგომით დასრულდა. დე-ფაქტო პრეზიდენტი, რომელმაც სოხუმი 27 მაისს დატოვა და გუდაუთაში, რუსების საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მყოფ, ბომბორას სამხედრო აეროდრომს აფარებდა თავს, გუშინ იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

„რკინის ალიკმა“ „პრეზიდენტის ბეჭედი“ „დროებით პრეზიდენტს“, აფხაზთა პარლამენტის სპიკერს ვალერი ბგანბას გადასცა. დღეს თანამდებობა დატოვა დე-ფაქტო პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამაც, პრემიერის მოვალეობას ვლადიმერ დელბა (მოქმედი "ფინანსთა მინისტრი" - ზ.წ) შეასრულებს.

უკვე დაიწყო "გენელური პროკურორის" საფარბეი მიქანბას გადაყენების პროცედურა. ასევე მოხსნილები არიან გალისა და ტყვარჩელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. უახლოეს საათებში მოსალოდნელია, ანქვაბის მომხრე მინისტრების მასიური გადადგომაც. რიგგარეშე არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ანქვაბის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება კანონით იქნება გარანტირებული, თუმცა, დიდი ალბათობით, უკვე ყოფილი „პრეზიდენტი“ საცხოვრებლად ისევ მოსკოვში გადავა. იგივეს გაკეთება მოუწევთ, მისი გუნდის წევრებსაც. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ანქვაბის ასეთი სწრაფი დაშამათება მოულოდნელი იყო

„ანქვაბი გამოირჩეოდა თავისი პრონციპულობით, საკმაოდ ხისტი პოლიტიკითაც კი და მე მაინც მეგონა, რომ უფრო გაიბრძოლებდა პოზიციის შესანარჩუნებლად. საკმაოდ სწრაფად დატოვა მან თანამდებობა.

ახლა ალბათ მოხდება აფხაზეტში ელიტების ცვლა. რუსეთი ბუნებრივია ჩართულია ამ პროცესში როგორც რეალური მმართველი. რუსეთმა საბოლოო ჯამში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ვითარების შემდეგ, რუსებმა დაარწმუნეს ანქვაბი რომ ჯობდა გადამდგარიყო.“

აფხაზთა დე-ფაქტო პრეზიდენტის რანგში, ალექსანდრე ანქვაბის ბოლო მიმართვაში ნათქვამია, რომ „ოპოზიციას კაბინეტების განაწილება აინტერესებს. თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია. აქ არანაირ რეფორმებზე საუბარი არ არის. მათი ნამდვილი ინტერესები და მადა ყოვედღიურად გამოვლინდება და გაძლიერდება. ამ მადის უკან იმალება გაცილებით დიდი რამ: საფრთხე აფხაზური სახელმწიფოსთვის.

ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენ შეიძლება იოლად დავკარგოთ ყველაზე წმინდა - სასიცოცხლო სივრცე. აფხაზეთი შეიძლება აღარ იყოს.

დარწმუნებული ვარ რომ ჩემი სიცოცხლის ხელყოფის უკან დგანან ძალები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ოპოზიციას, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. სახელმწიფო გადატრიალების ერთი ამოცანაა - იმ ბრალდებულების გათავასუფლება, რომლებმაც ჩემზე ტერორისტული თაცდასხმა განახორციელეს“ - აღნიშნა ალექსანდრე ანქვაბმა.

2005, 2007, 2010 და 2012 წლებში, ალექსანდრე ანქვაბმა საერთო ჯამში, ექვსი თავდასხმა გადაიტანა. ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული თავდასხმა მართვადი ნაღმების, ტყვიამფქვევებისა და ნაღმრტყორცნების გამოყენებით, 2012 წლის 22 თებერვალს გუდაუთის რაიონში მოხდა. თავდასხმას დე-ფაქტო პრეზიდენტის ორი პირადი მცველი შეეწირა, ანქვაბი კი ისევ სასწაულებრივ გადარჩა.

ანქვაბზე ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულთა ღია სასამართლო პროცესი აფხაზეთში მეორე წელიწადია მიდის. ბრალდებულთა უმრავლესობა ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები არიან.

მთავარი ბრალდებული პაველ (პაშა) არძინბა, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას ოჯახური კლანის წევრია; ნიშანდობლივია, რომ 28 მაისს, პაშა არძინბა აფხაზეთში დაბრუნდა და სწორედ ამიტომ ურჩიეს ანქვაბს თავის რუსული სამხედრო ბაზისთვის შეეფარებინა.

ამ კლანის წევრი იყო არძინბას „მარჯვენა ხელი“, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალმასბეი კჩაჩიც. ანქვაბზე თავდასხმიდან ორი თვის შემდეგ, პროკურატურა მის აყვანას შეეცადა, თუმცა ოფიციალური ვერსიით, კჩაჩმა თავი მოიკლა. 27 მაისს, მთავრობის სახლსა და ტელევიზიაზე შტურმს სწორედ ამ კლანის წევრები, ყოფილი ძალოვნები: შამილ არძინბა, რაულ ხაჯინბა და ლეონიდ ძიაპშიპა ხელმძღვანელოდნენ.

გამოძიება აქტიურად განიხილავდა ვერსიას, რომ ანქვაბზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორები ასევე იყვნენ: ვლადისლავ არძინბას ქალიშვილი მადინა არძინბა და სერგეი შამბას შვილი ორჰან შამბა. ამის გამო, ეს პირები აფხაზეთში ვეღარ ჩადიოდნენ, ბოლო ორი წელი მოსკოვში ცხოვრობდა სერგეი შამბაც. სოხუმში ისიც 27 მაისს, ანქვაბის გაქცევის შემდეგ ჩავიდა.

ამ საქმეზე დაპატიმრებული მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა ბიზნესმენი ანზორ ბუთბა ასევე ოპოზიციონერი ბესლან ბუთბას ძმაა. ანქვაბის მოცილებაში, ტელეკომპანია „აბაზამ“ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, ეს ტელევიზია კი სწორედ ბესლან ბუთბას საკუთრებაა.

აფხაზი ექსპერტი როინ აგრბა ფიქრობს, რომ ამ სკანდალურ საქმეზე ბრალდებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაათავისუფლონ, თუ დადასტურდება რომ სასამართლო პროცესი პრეზიდენტ ანქვაბის ზეწოლით მიმდინარეობდა.

„ეს სასამართლო პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ლოზუნგების ქვეშ და რევოლუციის დროშებით ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული პირების გაშვება კატეგორიულად მიუღებელია. თუ ეს მოხდება ეს იქნება ახალი ხელისუფლების დიდი შეცდომა.

თუ ეს ადამიანები შეთითხნილი ბრალდებით ზიან ციხეში და სასამართლო ანქვაბის ზეწოლით მიმდინარეობდა, ეს უნდა დადასტურდეს ისევ სასამართლოში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაათავისუფლონ ეს ადამიანები იზოლატორიდან.“

რატომ წააგო ფინალური პარტია ალექსანდრე ანქვაბმა, მაშინ, რომ ბოლო ორი წელი პოლიტიკური მტრები ენდშპილში ჰყავდა?! ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, გადამწყვეტი მაინც რუსეთის ფაქტორი აღმოჩნდა.

ბოლო წლების მანძილზე, ანქვაბმა რამდენჯერმე თქვა უარი, მსხვილი რუსული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელიც აფხაზეთს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებდა.

მათ შორის იყო ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ჩერკესკისა და სოხუმის დამაკავშირებელი 660 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელსაც ისტორიულ - სოხუმის სამმედრო გზასა და კოდორის ხეობაში უნდა გაეცლო; ასევე: სოხუმსა და გუდაუთაში ახალი ნავსადგურების მშენებლობა, ქვემო ეშერასა და ჩრდილოეთ კავკასიაში ერთიანი ლოჯისტიკური ცენტრებით.

ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯინბამ უკვე განაცხადა, რომ აფხაზეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და საბაჟო კავშირში შესასვლელად მზად არის.


ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტები“
ვლადისლავ არძინბა 1994-2005
სერგეი ბაღაფში 2005-2011
ალექსანდრე ანქვაბი 2011 - 2014

„პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლები“
ვალერი არშბა 2004-2005
ალექსანდრე ანქვაბი 2011 მაისი-ივლისი
ნუგზარ აშუბა 2011 ივლისი-აგვისტო
ვალერი ბგანბა 2014 მაისიდან

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG