ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველოფობია და აფხაზური ნაციზმი


რუსი ოკუპანტი გალში, შოთა რუსთაველის განადგურებული ძეგლის ფონზე
რუსი ოკუპანტი გალში, შოთა რუსთაველის განადგურებული ძეგლის ფონზე

„ქართველიზაციის საფრთხე“ და სიძულვილის ენა სეპარატისტულ ანკლავში ისევ ნომერ პირველი თემაა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:31 0:00
ბმული

ბოლო ერთი კვირაა, სეპარატისტული აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი თემა ისევ ძველია - „ქართველიზაციის საფრთხე“. აქამდე ცნობილი იყო, რომ აფხაზეთი, თითქოს მთლიანად „გასუფთავდა“ „ნომერ პირველი მტერი ეთნოსის“ წარმომადგენლებისგან.

უსასტიკესი და სისხლიანი ეთნიკური წმენდის შედეგებს, „გამარჯვებულ“ აფხაზეთში, წლის განმავლობაში ხომ სამი „სახელმწიფო დღესასწაულით“ აღნიშნავენ.

თუმცა, სეპარატისტული რეჟიმის „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა სტანისლავ ლაკობამ აღმოაჩინა, რომ არც მთლად ასე ყოფილა საქმე. მისმა „მაისის თეზისებმა“ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველოფობიის ახალი ტალღის აგორებას დაუდო სათავე.

აფხაზთა „პარლამენტში“ გამოსვლისას, ლაკობამ ბრძანა, რომ ბოლო წლებში, გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრებმა 25 000-მდე ეთნიკურმა ქართველმა (მეგრელმა) ე.წ „აფხაზეთის მოქალაქეობა“ გამარტივებული წესით მიიღო. ეს პოლიტიკა კი, იმავე ლაკობას აზრით, "არის რევიზია ყველაფერ იმისა, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე აფხაზეთში მოხდა".
რამდენიმე ციტატა სტანისლავ ლაკობას გამოსვლიდან:

„თუ არ გავაჩერებთ ამ პროცესს აფხაზები ისევ უმცირესობაში აღმოვჩნდებით!...შეგახსენებთ, ისტორიულ ფაქტს რომ 1926 წელს გალის რაიონში 12 962 აფხაზი ცხოვრობდა; 1939 წელს - 1786, ხოლო 1989 წელს 627.

სულ ბოლო მონაცემებით, გალისა და ტყავრჩელის ქართველ მოსახლეობაზე გაცემულია, შესაბამისად 16 507 და 6 217 პასპორტი; რაც შეესაბამება და აღემატება კიდეც გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას... ანუ აფხაზ მოსახლეობას.

2013 წლის პირველ სამ თვეში, აღმოსავლეთ აფხაზეთში ქართველებზე გაცემულია თითქმის 1000-მდე პასპორტი.. ამ საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს უკონტროლო ვითარება საეკლესიო ურთიერთობებში...მიწების შეძენა; კრიმინალური ავტორიტეტები; ქართველი მღვდლების მიერ ეკლესიების კურთხევა; ღვთისმსახურება ქართულ ენაზე, სოფელ რეჩხის მონასტერში.

ეს მიუღებელი პოლიტიკა საქართველოსთან ომის შედეგების გადახედვამდე მიგვიყვანს ... არა აფხაზეთის სასიკეთოდ.“

სტანისლავ ლაკობას ანტიქართულმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ „ააფეთქა“ აფხაზური საზოგადოება. „ჩვენმა მამებმა და უფროსმა ძმებმა უდიდესი ვლადისლავის თაოსნობით ჭირი მოგვაშორეს! ჩვენი ჩინოვნიკები კი ამ ჭირს ისევ ავრცელებენ და მისგან განთავისუფლება შვილების მომავლისთვის უკვე ჩვენ მოგვიწევს“ - მსგავსი სიძულვილის ენით გაჟღენთილია აფხაზური პრესა და სოციალური ქსელები.

ქართველების პასპორტიზაციის თემა კარგად გათვლილი და სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა, აფხაზთა დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ. 2011 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, გალის ქართველობის დიდი ნაწილის მიმხრობა სწორედ ანქვაბმა შესძლო. თუმცა, მაშინ, ხმის უფლება რაიონში მხოლოდ, 10 000-მდე ეთნიკურ ქართველს ჰქონდა.

შესაბამისად, დღეს გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების მასობრივი დარიგებით, ანქვაბის პოტენციური ელექტორატი იზრდებოდა. ბუნებრივია, აფხაზთა პრეზიდენტის გუნდი ამ პროცესს ყველანაირად უწყობდა ხელს.

მეორეს მხრივ, რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარების" შემდეგ, „აფხაზეთის პასპორტი“ ფაქტობრივად ერთადერთი დოკუმენტია, რომლის მეშვეობითაც, დაჯარიმება-დაპატიმრების გარეშე შეიძლება, როგორც მდინარე ენგურის გადალახვა, ისე უვიზოდ რუსეთში წასვლა.

გალის ქართველობის დიდი ნაწილიც იძულებული გახდა აეღო ეს დოკუმენტი, რომ თავიდან აეცილებინა ყოველ გაჩერებაზე, 1200 რუბლის ოდენობის ჯარიმა (დაახლოებით 60 ლარი) „საზღვრის უკანონო გადაკვეთისა“ და „აფხაზური პასპორტის“ არქონის გამო.

ლაკობას მიზანმიმართული ნაცისტური იერიშის შემდეგ, ანქვაბი იძულებული გახდა, შეეჩერებინა ეთნიკური ქართველებისთვის პასპორტების გაცემა. იგი ასევე აიძულეს დაეშალა პასპორტიზაციის შემსწავლელი "სამთავრობო კომისია", სადაც მისი მომხრეები იყვნენ შეკრებილნი.

ამ თემას უკვე საპარლამენტო კომისია სწავლობს, რომელსაც ანქვაბის ოპოზიციაში მყოფი დეპუტატი, ე.წ „აფხაზეთის გმირი“ ასლან კობახია ხელმძღვანელობს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“კობახია კერძოდ წერს:

„გალელებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა დანაშაულია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი წერენ, რომ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე. მათი ფორმალური უარი მტრული ქვეყნის მოქალაქეობაზე, პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ისინი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები არიან.

რაც უნდათ ის დამიძახონ! მე ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეობა და პასპორტი ყველა მსურველმა, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მცხოვრებლებმა უნდა დაიმსახურონ! მათ უნდა გაიგონ, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთის სახელმწიფო შედგა.. მათი სურვილის საწინააღმდეგოდ! ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად!“

აფხაზებმა „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი 2005 წელს მიიღეს. ამ აშკარად დისკრიმინაციური და ნაცისტური კანონის მიხედვით, „აფხაზეთის მოქალაქეა“ ყველა აფხაზი და ისინიც, ვინც 1999 წლის 12 ოქტომბრიდან, ანუ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან, ხუთი წლის მანძილზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე. მუდმივად ცხოვრობდა“. აფხაზეთის მოქალაქეობის მსურველს კი 10 წლიანი ცენზი დაუდგინდათ.

"მოქალაქეობის კანონით", აფხაზებმა, მათივე შეფასებით, „ორი კურდღელი მოკლეს“. სამართლებრივი ბარიერები შეუქმნეს 200 000-ზე მეტ ეთნიკურ ქართველს, რომლებმაც აფხაზეთი 1992-93 წლების ომის დროს დატოვა; ასევე, გალის დევნილ მოსახლეობასაც. გალის რაიონში განმეორებითი ეთნიკური წმენდა, 1998 წლის მაისი ტრაგიკული შეცდომების შემდეგ განხორციელდა.

თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2009 წლის ივლისის ბოლოს, როცა, „აფხაზთა პარლამენტმა“ „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და გალის ყველა მცხოვრებს „აფხაზეთის მოქალაქეობის“ გამარტივებული წესით მიღების საშუალება მისცა. ამ ცვლილების ინიციატორი მაშინდელი პრეზიდენტის და პრემიერის: ბაღაფშისა და ანქვაბის ტანდემი იყო. დუეტი 2009 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა.

ნიშანდობლივია, რომ ოთხი წლის წინაც, „გალში პასპორტიზაციის თემის“ ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ სტანისლავ ლაკობა იყო. მას მაშინაც „უშიშროების საბჭოს მდივნის“ თანამდებობა ეჭირა და პოსტიდან პროტესტის ნიშნად გადადგა. 2009 წლის აგვისტოში კი სოხუმსა და გუდაუთაში მასობრივი მღელვარების შემდეგ, დე-ფაქტო პრეზიდენტი ბაღაფში იძულებული გახდა, "პარლამენტის" გადაწყვეტილებაზე „ვეტო“ დაედო.

რას მოიმოქმედებს ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც ფაქტობრივად, „პროქართული ხაზის“ გატარებაში დასდეს ბრალი, ჯერჯერობით უცნობია. ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს მცხოვრები მოსახლეობის 20 პროცენტი ეთნიკური ქართველია. 46 000 ქართველიდან, 30 000-ზე მეტი გალის და ტყვარჩელის რაიონების მკვიდრია.

აქედან 25 000-ს უკვე აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“. თუმცა, ქართველოფობიის ახალი ტალღის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, რომ დიდ ნაწილს „მოქალაქეობა“ ჩამოართვან.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის შექმნილი მითი, რომ „აფხაზური სახელმწიფო“ „შედგა“ და იქ მცხოვრები ქართველები, სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად, „აფხაზური დემოკრატიის“ „სრულუფლებიანი წევრები“ არიან საბოლოოდ დაიმსხვრა.
XS
SM
MD
LG