ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიტიკა „საჩუქრად“ დაბადების დღეზე


ალექსანდრე ანქვაბი
ალექსანდრე ანქვაბი

აფხაზურმა ოპოზიციამ დე-ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბს პირველად შეუტია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
ბმული


ოკუპირებულ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ დაიძაბა. აფხაზთა რიგით "მესამე პრეზიდენტს" ალექსანდე ანქვაბს, ამჯერად, უკვე ღიად, ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“ დაუპირისპირდა.

ამ პოლიტიკურ ჯგუფს „აფხაზთა პარლამენტში“ სულ ოთხი დეპუტატი ჰყავს, მათ შორის ფორუმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა. ფორუმის ყრილობა, რომელიც სოხუმში გასულ კვირას გაიმართა, სწორედ ხაჯიმბას ბენეფისად იქცა.

ფორუმის 266 დელეგატის წინაშე გამოსვლისას, ხაჯიმბამ მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტ ანქვაბისა და მისი მთავრობის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. ხაჯიმბამ "პრემიერ" ლეონიდ ლაკერბაიას "მთავრობის" გადადგომა მოითხოვა.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა აფხაზთა "პრემიერიც", რომელიც, სხვათაშორის ქუთაისშია დაბადებული. თუმცა, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ლაკერბაიას ფორუმზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რის გამოც რაულ ხაჯიმბამ ანქვაბის პოლიტიკა გააკრიტიკა, ტრადიციულად, საქართველოსთან ურთიერთობა იყო. ფორუმის მონაწილე ადგილობრივი "კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა", ყოფილმა ბოევიკმა რომან ჩიკირბაიამ საქართველოსთან საზღვრის მთლიანად ჩაკეტვაც კი მოითხოვა. რაულ ხაჯიმბამ კერძოდ განაცხადა:

„დღეს საქართველოშიც კი უკეთ გაერკვნენ ომის პრობლემატიკაში. ჩვენები კი ამ ყველაფერს ივიწყებენ, თუ საიდან და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დღეს საქართველოს პასუხისმგებლობაზეც კი არ საუბრობენ, იმ პროცესებზე, რაც გუშინ მოხდა.

ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ. ჟენევაში ჩადიან ე.წ ავტონომიის წარმომადგენლები და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტი, პოლიტიკური ბომონდი, ამის თაობაზე არაფერს ამბობენ.

ახლახანს ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მიგვითითა როგორ უნდა მოვიქცეთ! როგორ უნდა მოქცეს საქართველო და სად უნდა დააბრუნონ! წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ისევ შეიყვანენ დსთ-ში. დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან კი ჩვენ მხოლოდ რუსეთმა გვაღიარა. როგორ იმოქმედებს ეს მომავალში აფხაზეთთან მიმართებაში?!"

მინსკის უშიშროების სკოლის კურსდამთავრებულ რაულ ხაჯიმბას, სხვადასხვა დროს უშიშროების მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, პრემიერ მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები ეჭირა.

ხაჯიმბა შარშან "საპრეზიდენტო არჩევნებში" ალექსანდე ანქვაბთან დამარცხდა. უშედეგო გამოდგა მისი მცდელობა აფხაზთა "პარლამენტის სპიკერის" პოსტი დაეკავებინა.

„აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერმა პრეზიდენტ ანქვაბს ერთპიროვნულ მართვასა და დახურული ტიპის საბჭოთა მმართველობის დამკვიდრებაში დასდო ბრალი.

ხაჯიმბამ მოქმედი მთავრობა კორუფციაშიც დაადანაშაულა. მისი, მტკიცებით, 2012 წელს, რუსეთის ფედერაციის დახმარებიდან, სოხუმის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციაზე, დაგეგმილი 30 მილიონი რუბლის, ანუ თითქმის მილიონი დოლარის ნაცვლად, 173 მილიონი რუბლი ანუ 5 600 000 დოლარი იქნა მიმართული.

სულ 2012 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზებისთვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 6 მილიარდ 800 მილიონი რუსული რუბლი ანუ 220 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა თავად აფხაზეთის შემოსავალი მხოლოდ 93 მილიონი დოლარი იყო.

რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ ეს უზარმაზარი თანხები კორუმპირებული ელიტის ჯიბეებში ილექება:

„ტენდენცია იქმნება ისეთი, თანხები, რომლებსაც ჩვენ რუსეთის ფედერაციიდან ვიღებთ, დარწმუნებული ვარ, რომ შემცირდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ თანხების ეფექტურად გამოყენებას. დღეისათვის, ჩვენ რუსეთიდან 4,5 მილიარდ რუბლზე მეტი მივიღეთ და რამდენი ავითვისეთ?!

მომავალ წელს, წელიწადში უკვე ოთხ მილიარდზე მეტს ვითხოვთ! ისმის კითხვა გვჭირდება ჩვენ ეს თანხები, თუ მათ ათვისებას ვერ ვახერხებთ?! თუ ათვისება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფული ვიღაცეების ჯიბეებში აღმოჩდეს ?!"

იგივეს ამბობს, კიდევ ერთი ოპოზიციონერი, სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობაც:

„აფხაზეთში ბიუროკრატიაც ჰყვავის და კორუფციაც. ის, რაც ბაღაფშამდე იყო, ანგელოზების საქმეებს ჰგავდა. თუმცა ჩვენ ვაკრიტიკებდით არძინბასაც, ნებისმიერ საზოგადოებაში უნდა იყოს კრიტიკა. და ეს დუეტი, ბაღაფში-ანქვაბის სწორედ, ჩვენი პირველი პრეზიდენტის, ჩვენ ისტორიაში უდიდესი ადამიანის კრიტიკის ტალღაზე მოვიდა.“

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ანქვაბის წინააღმდეგ, აფხაზურმა ოპოზიციამ ღიად გაილაშქრა. ანქვაბმა სეპარატისტულ ანკლავში ხელისუფლება, შარშან ზაფხულში. ბაღაფშის სიკვდილის შემდეგ გადაიბარა.

უკვე "პრეზიდენტის რანგში", ანქვაბმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, "პირველი პრეზიდენტის" არძინბას კლანის წევრებს, რომლებმაც მისი ფიზიკური განადგურება რამდენჯერმე სცადეს. ბოლო თავდასხმა კი 22 თებერვალს მოუწყვეს. ანქვაბმა თავდასხმის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ნაწილის დაპატიმრება შეძლო.

ამასთან, ანქვაბმა ოპოზიციას „მეორე პოლიტიკური ცენტრის“ ფორმირების შანსი "პარლამენტშიც" მოუსპო, სადაც სულ რამდენიმე ოპოზიციონერი იქნა არჩეული. ანქვაბი, რომელსაც 26 დეკემბერს 60 წელი უსრულდება ოპოზიციის ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG