ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„აფხაზთა პარლამენტში“ რუსები ვეღარ მოხვდნენ


აფხაზთა ოცდათხუთმეტ ადგილიან „პარლამენტში“ მხოლოდ შვიდი დეპუტატი გავიდა, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებს წარმოადგენდნენ. აქედან სახელისუფლებო პარტიამ „ერთიანი აფხაზეთი“ სულ სამი დეპუტატის გაყვანა შეძლო. ოპოზიციურმა - „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმმა“ კი ოთხი დეპუტატი გაიყვანა.

მათ შორის, არის ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრემიერი რაულ ხაჯიმბა; „აფხაზეთის გმირი“, საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსი, ასლან კობახია; საზოგადოებრივი მოძრაობა „ახაცას“ ლიდერი ახრა ბჟანია და ჯანმრთელობის ყოფილი "მინისტრი" დაურ გურგულია.

ოჩამჩირის რაიონში ქირურგმა გურგულიამ სენსაცია მოახდინა და პარლამენტს მიღმა დატოვა ნუგზარ აშუბა, რომელსაც "პარლამენტის სპიკერის" თანამდებობა ბოლო 10 წლის მანძილზე ეკავა.

მაისში ხელახალი არჩევნები სოხუმის ორ ჩაშლილ ოლქში გაიმართება, თუმცა საერთო სურათი უკვე აღარ შეიცვლება. ახალ "პარლამენტში" საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული მინიმუმ 26 დეპუტატი იქნება. ახლადარჩეული დეპუტატი ასლან კობახია მიზეზად პოლიტიკური პარტიების სისუსტეს ასახელებს

„არსებობს კონსტიტუციური უფლება იყო არჩეული, თუმცა ჩვენთან ერთმანდატიან ოლქებს სამწუხაროდ იყოფენ გვარები, ნათესავები, მეგობრები, ამხანაგები. ეს არის იმის შედეგი რომ აფხაზეთში ცუდად არის განვითარებული პარტიული სისტემა.

თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიისკენ სწრაფვა, აუცილებლად უნდა იყოს პარტიული არჩევნები. არჩევნები დიდი პოლიტიკაა. წარმომავლობის, გვარებისა და კლანების მიხედვით ადამიანების არჩევა არ შეიძლება.

ვიღაცეები ამბობენ, რომ კრიმინალები ან კრიმინალთან დაკავშირებული ადამიანები ხვდებიან პარლამენტში. ძალიან ცუდი! ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამართალდამცავი სისტემა სუსტია. მეორეც - ბევრი მიხვდა რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ბიზნეს მოედანი გახდა, თუ ეს ბიზნეს მოედანია იქ კრიმინალიც მივა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წლების მანძილზე საკუთარი პარლამენტი ბიზნეს მოედნად გადავაქციეთ.“

აფხაზთა 2012 წლის მოწვევის "პარლამენტში" საერთოდ ვერ მოხვდნენ „ეკონომიკური განვითარების“ პარტიისა და კომუნისტური პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატები, მაშინ როცა წინა პარლამენტში ექვსი პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი (აითაირა, ამცახარა, „ერთიანი აფხაზეთი“, კომუნისტური პარტია, ეკონომიკური განვითარების პარტია, „სახალხო ერთობის ფორუმი“, რუსული დიასპორების კონგრესი).

2007 წლის პარლამენტის შემადგენლობიდან მანდატები მხოლოდ ექვსმა დეპუტატმა შეინარჩუნა. წინა პარლამენტის "სპიკერთან" ერთად, არჩევნები წააგო "ვიცე-სპიკერმა" ირინა აგრბამაც, მას სოხუმის „უნივერსალ-ბანკის“ მეპატრონემ არტურ მიქვაბიამ აჯობა. დღეის მონაცემებით, პარლამენტში გასული 33 დეპუტატიდან - 29 აფხაზია, ერთი ქართველი და სამი სომეხი.

აფხაზური მედია სენსაციას უწოდებს, სოხუმის რაიონის საარჩევნო ოლქში, ქართველების მოსისხლე მტრის, „აფხაზეთის გმირის“, „ბაგრამიანის“ ბატალიონის ყოფილი მეთაურის, წინა მოწვევის პარლამენტის წევრის გალუსტ ტრაპიზონიანის მარცხს. მას ტელეკომპანია „აბაზას“ ჟურნალისტმა ლევონ გალუსტიანმა 35 ხმით აჯობა.

ასევე ძალიან მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა გალის საარჩევნო ოლქში. აქ, გალის მეორე სკოლის დირექტორმა აფხაზმა ახრა კვეკვესკირმა, ყოფილ დეპუტატსა და გალის რაიონში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას რუსლან ქიშმარიას აჯობა.

წელს კიდევ უფრო დისკრიმინაციური იყო დამოკიდებულება ქართველებით დასახლებული სამურზაყანოს მიმართ. გალელთა უმრავლესობას შეეზღუდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იმ მიზეზით რომ "აფხაზეთის მოქალაქეები" არ არიან. ქართველებს ეს უფლება არ ეზღუდებათ საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

თუ წინა პარლამენტში ორი ქართველი იყო წარმოდგენილი, წელს მხოლოდ ბეჟან უბირია გავიდა. იგი წინა მოწვევის დეპუტატიც იყო.

2012 წლის "არჩევნები" იმითაც იყო გამორჩეული, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა რუსებმა, რვა კანდიდატიდან ერთიც კი ვერ გაიყვანეს. სოხუმელი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი ამბობს

„არცერთი რუსი არ არის პარლამენტში. მანამდე რუსებს პრეზიდენტი ქაჩავდა, იმიტომ რომ მათ ელექტორალური რესურსი გაცილებით მცირე აქვთ. ღია არჩევნების პირობებში კი, ადმინისტრაციური რესურსი ზემოქმედების გარეშე ვერცერთი კანდიდატი ვერ გავიდა.

ჩემი აზრით ეს ძალიან ცუდი ნიშანია, თუმცა ეს არის რეალობა ქვეყანაში, სადაც რუსულენოვან მოსახლეობას ეფექტური ლობისტები არ ჰყავს. ბევრი არაპროფესიონალი მოხვდა პარლამეტში, ბევრი პოპულისტია.

პროფესიონალ კანონმდებლების ან პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოცდილება და ავტორიტეტი ქვეყანაში, არიან ახალი სახეები, თუმცა ისინი ბევრი არ არიან. თუ ისინი შეძლებენ პარლამენტში ამინდის შექმნას, მაშინ შეიძლება რაღაცა გაუმჯობესდეს.“

როგორ გავლენას მოახდენს ახალი "პარლამენტის" სიჭრელე მთლიანობაში ოკუპირებული აფხაზეთის შიდა პოლიტიკაზე? ექსპერტების აზრით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გახდება "პარლამენტის" ახალი "სპიკერი".

ოპოზიცია ამ მიმართულებით რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას ლობირებს, მაშინ როცა პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი „კომპრომისული ფიგურის“ ძიებაშია.

აფხაზთა ახალი პარლამენტის ახალი სპიკერის თანამდებობაზე იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც შეიძლება ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს ასახელებენ: გაგრის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ვალერი ბგანგას; სოხუმელ ბანკირს არტურ მიქვაბიას და გულრიფშის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ადგურ ხარაზიას, რომელიც 2004 წლის კრიზისის დროს, მცირე ხნით სოხუმის მერის მოვალეობასაც ასრულებდა.

XS
SM
MD
LG