ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთი ბაღაფშის შემდეგ


ბაღაფშის დაკრძალვა სოფელ ჯგერდაში
ბაღაფშის დაკრძალვა სოფელ ჯგერდაში

მას შემდეგ, რაც ოჩამჩირიდან 14 კილომეტრში, მშობლიურ სოფელ ჯგერდაში ოკუპირებული აფხაზეთის "მეორე პრეზიდენტი" სერგეი ბაღაფში მიწას მიაბარეს, შავიზღვისპირა სეპარატისტულ ანკლავში ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო.

დღეს აფხაზურმა პარლამენტმა დაადგინა რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. "აფხაზური კანონით", აფხაზთა პრეზიდენტი შეიძლება გახდეს, მხოლოდ ეროვნებით აფხაზი, რომელიც ფლობს აფხაზურ ენას და ანკლავში ბოლო ხუთი წელი უცხოვრია.

კანონი ასევე ითხოვს, რომ კანდიდატის ასაკი არ შეიძლება იყოს 35 წელს ქვემოთ და 65 წელს ზემოთ. სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე სპეციალურად ჩაფრინდა რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

პუტინი სოხუმში აფხაზთა პრეზიდენტობის ორ ყველაზე რეალურ კანდიდატს სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბს ცალ-ცალკე შეხვდა. "პრემიერი" სერგეი შამბა ამბობს, რომ პუტინი დაინტერესედა შეძლებენ თუ არა შამბა და ანქვაბი ერთად მუშაობას

„ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა მკითხა, თუ კენჭს ვიყრი შევძლებ თუ არა ანქვაბთან თანამშრომლობას? რაღაც სქემების შექმას. მე ვუთხარი, რომ ეს ადამიანის სახელმწიფო მოღვაწეა, გამოცდილი, ბრძენი პოლიტიკოსია. ჩვენი, აფხაზური მასშტაბებით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, შეგვიძლია ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკება. ასე, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

აქ რა თქმა უნდა, პარტიებს საკუთარი პრიორიტეტები აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ პარტიული ტაქტიკა იმდენად არ აინტერესებს საზოგადოებას, რამდენადაც პიროვნებები, რომლებიც კენჭს იყრიან.“

60 წლის ისტორიკოსი სერგეი შამბა აფხაზური ელიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულს საერთო ჯამში - 13 წლის მანძილზე ეკავა აფხაზთა "საგარეო საქმეთა მინისტრის" თანამდებობა,

აფხაზურ-ქართული კონფლიქტის დროს იყო "თავდაცვის მინისტრის" მოადგილე, ხოლო 2010 წლის თებერვლიდან "პრემიერ-მინისტრია". მისი ყველაზე რეალური ოპონენტი, "პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი" ალექსანდრე ანქვაბია.

58 წლის ანქვაბს საბჭოთა პერიოში მაღალი თანამდებობა ეჭირა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ომის დროს იყო "შინაგან საქმეთა მინისტრი". ომის შემდეგ, იძულებული გახდა საცხოვრებლად მოსკოვში გადასულიყო. 2000 წელს ისევ დაბრუნდა სოხუმში და ჩამოაყალიბა ოპოზიციური მოძრაობა „აითაირა“ (აღორძინება).

2004 წელს დიდი სურვილის მიუხედავად ანქვაბმა ვერ შეძლო "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობა, იმის გამო რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე აფხაზეთში არ უცხოვრია. საბოლოოდ, ანქვაბმა მხარი ბაღაფშს დაუჭირა და გამარჯვების შემდეგ ჯერ "პრემიერ-მინისტრი", 2009 წლიდან კი "ვიცე-პრეზიდენტი" გახდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე აფხაზეთში ანქვაბის ლიკვიდაციის ხუთი მცდელობა იყო. ალექსანდრე ანქვაბი ამბობს

„ქვეყნის კეთილდღეობის იდეაში ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია. დარჩენილია განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები, რომელიც უკავშირდება ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ეს ცივილიზირებულად გააკეთოს. სამწუხაროდ, იგივე თავდასხმები ჩემზე ხდებოდა არა იმიტომ, რომ ვიღაც ბადიტურ დაჯგუფებებს გავლენა წავართვით ან კონტრაბანდისტებს რაღაცა ჩამოვართვით. პოლიტიკური ტერორის უკან სულ სხვა რამ დგას.“

საპრეზიდენტო ამბიციები კვლავ აქვს 53 წლის რაულ ხაჯიმბას, რომელიც რუსეთის კოლოსალური მხარდაჭერის მიუხედავად 2004 წლის არჩევნებში სერგეი ბაღაფშთან 12 ათასი ხმით დამარცხდა.

აფხაზეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამჟამად ოპოზიციაშია, თუმცა მის შანსებზე დამკვირვებლები ნაკლებად საუბრობენ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მოსკოვი ერთ რომელიმე კანდიდატს მხარს არ დაუჭერს და 2004 წელს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს.

“რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ გაიმეორებს იმ შეცდომას, რომელიც დაუშვა 2004 წელს, როცა ღიად დაუჭირა მხარი ხაჯიმბას და პრაქტიკულად დამარცხდა. რუსეთის და ხაჯიმბას დამარცხება ერთად ტანდემში განაპირობა, ერთის მხრივ იმან, რომ ბაღაფშის მოკავშირე ანქვაბი იქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და მეორეს მხრივ, გალის ქართულმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ბაღაფშს.

რუსეთმა 2004 წლის შეცდომები გაითვალისწინა. მაშინ მოსკოვს სიტუაციის სათავისოდ გამოსაყენებლად არ უმუშავია აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით ეს სომხურ დიასპორას ეხება. და არა მარტო სომხურს, პლუს სლავურ მოსახლეობას, რომელიც ძალიან განაწყენებულია აფხაზურ საზოგადოებაზე და აფხაზურ ხელისუფლებაზე.

მათი ერთი ნაწილი ბინებიდან არის გამოყრილი და საჩივრები აქვთ შეტანილი რუსეთის საელჩოში. რუსები შეეცდებიან, აფხაზეთის ხელისფლებაში მათი პირდაპირი ჩარევის გარეშე მოვიდეს ადამიანი, რომელიც იქნება აბსოლუტურად ლოიალური და რომლისგანაც მიიღებენ რუსეთის იქ ყოფნის გარანტიებს. რომელი იქნება ანქვაბიდან და შამბადან ასეთი განტევების ვაცი ეს რთული სათქმელია.“

ოფიციალური თბილისი ოკუპირულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ჯერჯერობით „სტრატეგიული თმენის“ პოლიტიკას აგრძელებს.

მთავარი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით საერთაშორისო დოზენზე სეპარატისტული ანკლავის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი დამუხრუჭებულია, თუმცა არა სრულად. რუსეთის, ვენესუელას, ნიგარაგუის და ნაურის შემდეგ, 3 ივნისს აფხაზეთის დამოუკიდებლობა წყნარ ოკენაშე მდებარე ვანუატუმაც აღიარა.

XS
SM
MD
LG