ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღაფში და კოკოითი ლათინურ ამერიკაში მოგზაურობენ


ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუას, პირველი "აფხაზთა ლიდერი" სერგეი ბაღაფში ეწვია. მოსკოვიდან აფრენილი მისი თვითმფრინავი, საწვავის შესავსებად, ჯერ კუბაში დაეშვა და შემდეგ ნიგარაგუის მიწაზე ჩაფრინდა.

უფრო რთული გზის გავლა მოუხდა "სამხეთელ ოსთა ლიდერ" ედუარდ კოკოითის. მისი ავიალაინერი ძრავის პრობლემის გამო ავარიულად ფინეთში დაჯდა. ოსთა 15-მა კაციანმა დელეგაციამ, მხოლოდ მოსკოვიდან გამოგზავნილი ახალი ლაინერით შეძლო გაეგრძელებინა შორი გზა მანაგუამდე.

ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას ბაღაფში-კოკოითის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა

„აფხაზეთისა და ოსეთის პრეზიდენტების ჩამოსვლა საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ნიკარაგუას. თუ რა სფეროებში მოხდება დაახლოება, ეს ნათელი გახდება პრეზიდენტებს შორის გამართული საუბრის შემდეგ, დარწმუნებული ვარ ვიზიტს დიდი შედეგები ექნება“

ვიზიტის პირველ დღეს სერგეი ბაღაფში ნიკარაგუის პრეზიდენტს შეხვდა, შემდეგ კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ლეონში ჩავიდა. მოგვიანებით, ადგილობრივმა ლიდერმა კოკოითიც მიიღო.

ბაღაფში და კოკოითი ყველაზე მაღალი რანგის სტუმრები აღმოჩდნენ, სანდინისტური რევოლუციის 31-ე წლისთავის აღმნიშვნელ ზეიმზე, რომელიც ყოველი წელს, 19 ივლისს, რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას პატრონაჟით იმართება.

ნიკარაგუის ოპოზიციური პრესა აღნიშნავს, რომ ორტეგას მხარდასაჭერად არცერთი ლათინო ამერიკული ქვეყნის ლიდერი არ ჩამოვიდა, მაშინ როცა, "აფხაზთა პრეზიდენტს" თან "თავდაცვის", "ეკონომიკის" და "საგარეო საქმეთა" "მინიტრები" ახლდა.

ბაღაფში-კოკოითის მოწვევა მკაცრად გააკრიტა ნიკარაგუის ყოფილმა fფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის წევრმა ედუარდო მონტეალეგრემ. მანაგუაში გამომავალი გაზეთის "ლა პრენსასთვის" მიცემულ ინტერვიუში მონტეალეგრემ კერძოდ აღნიშნა

"მაშინ როცა ამ პროვინციებს მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ისევ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, მხოლოდ ჩვენ და კიდევ სამი ქვეყანა აღიარებს მათ დამოუკიდებლად, ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია.

ჩვენ ველურებად ვჩანვართ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერთ სეპარატისტულ მოძრაობას საქართველოში. ეს ნიშნავს იმის დაშვებას, რომ ქვეყნის ნაგლეჯი, შეიძლება დამოუკიდებელი ერი გახდეს.

ეს რომ ლათინურ ამერიკაში გადმოვიღოთ, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თქვას, რომ ვცნობ ნიკარაგუის ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ან გუანტანამოს დამოუკიდებლობას კუბისგან ან ქოქოსის კუნძულების დამოუკიდებლობას კოსტა-რიკისგან.

ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს პრაქტიკა ადასტურებს, რომ ორტეგას საგარეო პოლიტიკა სერიოზულობას მოკლებულია“

თბილისში, სეპარატისტთა პირველი შორეული ვოიაჟით დიდად შეწუხებულები არ არიან. მას შემდეგ, რაც ნიკარაგუამ და ვენესუელამ, რუსეთთან ომის შემდეგ, სცნეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოიკიდებლობა, საქართველო ცრდილობს სამხრეთ ამერიკის სხვა დიდ მოთამაშეებთან ახლო კავშირების დახმარებით არ დაუშვას რომ სეპარატისტული ანკლავები სხვა ლათინო ამერიკულმა ქვეყნებმაც აღიარონ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე შოთა მალაშხია კერძოდ ამბობს

„არცერთი სერიოზული ორგანიზაცია, არცერთი სერიოზული სახელმწიფო, აქ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი ეთნოწმენდის დაკანონებას და მათ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას არ აპირებს.

რამდენ თანხას დახარჯავს რუსეთი, რომ ნიკარაგუასა და ვენესუელას მსგავსმა ქვეყნებმა, სცნონ ე.წ დამოუკიდებლობა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ამას ვერ დავთვლით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შედეგი არ ექნებათ.“

დღესვე ბაღაფშმა და კოკოითიმ, მანაგუადან ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში გადაინაცვლეს, სადაც მათ კიდევ ერთი დიქტატორი უგო ჩავესი შეხვდათ.

კარაკასი მეორე დედაქალაქია, მოსკოვის შემდეგ, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთს საკუთარი "საელჩო" აქვს. "ელჩი" კი გუთაუდის რაიონის სოფელ ლიხნში დაბადებული, 67 წლის ზაურ გვაჯავაა. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩემპიონი კრივში, დღეს "აფხაზთა ელჩის" პოზიციას, ვენესუელას კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას უთავსებს.

XS
SM
MD
LG