ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მუჰაჯირები ბრუნდებიან


დამასკოელი არქიტექტორი ნიშან ვანაჩა და ინდუსტრიული კოლეჯის კურსდამთავრებული შამილ მარშანი აფხაზური ფესვების პირველი სირიელები არიან, რომლებმაც სამოქალაქო ომში გახვეული სირია დატოვეს და ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოსახლდნენ.

ორივე რეპატრიანტი სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ჯერ სოხუმში დასასვენებლ სახლ „აფხაზეთში“ დაასახლა, შემდეგ კი ქალაქიდან 23 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში გამოუყო საცხოვრებელი სახლები.

ვინაიდან ორივე რეპატრიანტმა სამსახური სოხუმში იშოვა, მალევე მათ დრანდა დატოვეს და საცხოვრებლად ისევ სოხუმში დაბრუნდნენ. ვანაჩას და მარშანის წინაპრები აბჟუები ანუ კოდორიდან ღალიძგამდე მცხოვრები აფხაზები იყვნენ, რომლებიც სხვა მუჰაჯირებთან ერთად რუსეთმა 1821-1877 წლებში მასობრივად გაასახლა.

ორივე რეპატრიანტი აპირებს აფხაზეთში ოჯახის წევრებიც ჩაიყვანოს, ჯამში სულ ცამეტი ადამიანი. ცნობილია, რომ მათ გარდა, სირიიდან სოხუმში საცხოვრებლად გადმოვიდა, ბზიფელი აფხაზების შთამომავალი ლეიბაც.

აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას ნიშან ვანაჩამ და შამილ მარშანმაც აღნიშნეს, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებით კმაყოფილები არიან:

ნიშან ვანაჩა: დამასკოდან ვარ. სირიაში რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო ცხოვრება შეუძლებელი იყო და იძულებული გავხდი აქეთ წამოვსულიყავი.

ჩემი წინაპრები აფხაზები იყვნენ. სამწუხაროდ, აფხაზური ენა ადრე დავკარგეთ. აქ ძალიან კარგად მიგვიღეს და დარჩენა გადავწყვიტე. თუ ყველაფერი კარგად აეწყო ვაპირებ შვილი და შვილიშვილებიც ჩამოვიყვანო, რომლებიც ახლა ამერიკაში არიან. აფხაზეთი ჩემი სამშობლოა.

შამილ მარშანი: მიტოვებულ ქალაქ ელ-ქუნეიტრიდან ვარ. სირიაში ძალიან რთული სიტუაციაა. აქ კი ძალიან კარგად მიმიღეს. ოჯახსაც მალე ჩამოვიყვან და იმედი მაქვს რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებ.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს გამოთქვა მზადყოფნა, რომ სირიიდან აფხაზური ფესვების მოქალაქეების რეპატრიაციისთვის ხელი შეეწყო.

თავდაპირველი ინფორმაციით, 23 მილიონიან სირიაში 5 ათასამდე აფხაზი ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დამასკოში სეპარატისტების დელეგაცია ჩავიდა, დაზუსტდა, რომ სირიაში 8 ათასიდან 10 ათასამდე აფხაზურ-ადიღური ფესვების მქონე სირიელი ცხოვრობ.

იანვარში აფხაზთა ვიზიტს დამასკოში მცირე სკანდალიც მოჰყვა. არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმი ე.წ „აფხაზეთის მოქალაქეობას“ და შესაბამისად რეპატრიაციის შანსს, აფხაზების გარდა, მხოლოდ ადიღურ სუბეთნოსს - შაფსუღებს აძლევდა. ამის გამო, პროტესტის ნიშნად რამდენიმე ცნობილმა ადიღეელმა განაცხადა რომ „აფხაზეთის მოქალაქეობაზე“ უარს იტყოდა.

საბოლოოდ, „აფხაზთა საგარეო საქმეთა სამინიტრომ“ ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მზად არის რეპატრიაციაში ყველა ჩრდილოეთ კავკასიური ფესვების სირიის მოქალაქეს დაეხმაროს, ვინც ასეთ სურვილს გამოთქვამს.

მოსკოვში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელი ბესლან აგრბა კი გამოვიდა ინიციატივით, რომ სირიიდან რეპატრიაციის პროცესისთვის კერძო შემოწირულობების შეგროვება დაიწყოს.

„სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს უნდა აწუხებდეთ ეს საკითხი და უნდა ცდილობდნენ დახმარების ერთობლივი მოდელის შემუშავებას. მაგალითად, კერძო შემოწირულობების ორგანიზება შეიძლება. არის მაგალითები ებრაული ორგანიზაციების. მაგალითად, ჩემი მეგობრის ოჯახი წავიდა კანადაში და იქ ებრაულმა ორგანიზაციებმა შეუგროვეს ფული, ნივთები და დაეხმარნენ ადაპტაციაში ახალ გარემოში.

არსებობს ეს მექანიზმები და კარგი იქნება თუ ყურადღებას მივაქცევთ. ამ ადამიანების უბრალოდ სახელმწიფო ორგანოების პირისპირ დატოვება არ შეიძლება.ზოგჯერ ჩვენ ვართ განცვიფრებულები სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობით და წარმოიდგინეთ ახლად ჩამოსულ ადამიანებს რა დაემართებათ.“

აფხაზური წყაროების ცნობით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთში საცხოვრებლად 200-მდე აფხაზურ-ადიღური ფესვების მქონე სირიელი ჩავიდა.

ნაწილი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და შემდეგ, იქ საცხოვრებლადაც დარჩა. ნაწილი კი ცხოვრების პირობებით უკმაყოფილო ისევ უკან სირიაში დაბრუნდა, მათ შორის იყო 1992-93 წლებში სეპატისტების „საგარეო მინისტრის“ მოადგილე ფადილემ არუტაა.

დღეისათვის ყველაზე ცნობილი, სირიელი აფხაზი, რომელიც სოხუმში ცხოვრობს რეჯეპ უშაჩაა, რომელიც სოხუმში ყოველკვირეულ გაზეთს „ადუნეის“ გამოსცემს.

საბოლოო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 500-ზე მეტ პოტენციურ რეპატრიანტს არ ელოდებიან. აფხაზური საზოგადოება ფიქრობს, რომ სირიიდან რეპატრიაციის პროცესი დაჩქარება დამოკიდებულია იმაზეც თუ რა გადაწყვეტილებას მიიღეს მოსკოვი იმ მუჰაჯირების შთამომავლებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს ხელისუფლება სირიიდან აფხაზეთში რეპატრიაციის პროცესს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG