ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ ახალი სპიკერი 58 წლის ვალერი ბგანბა გახდა. მარტის „საპარლამენტო არჩევნებში“ სახელისუფლებო პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ფაქტობრივი მარცხის შემდეგ, აფხაზეთის მმართველი ელიტისა და დე-ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბის მთავარი ამოცანა იყო, „პარლამენტის“ თავჯდომარე ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა არ გამხდარიყო.
საბოლოოდ არჩევანი „კომპრომისულ ფიგურაზე“ გაგრელ ვალერი ბგანბაზე შეჩერდა. ბგანბას 32 "დეპუტატიდან" 21-მა დაუჭირა მხარი, 11-მა დეპუტატმა კი ხმა რაულ ხაჯიმბას მისცა.
პროფესიით აგრონომი ბგანბა საბჭოთა პერიოდში, გაგრის რაიონში მდებარე სხვადასხვა პროფილის საწარმოების დირექტორი იყო. 1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში აირჩიეს, იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ გაგრის დაცემის დროს. შემდეგ რვა წელი მუშაობდა გაგრის რაიონის ხელმძღვანელად.
სერგეი ბაღაფშის "გაპრეზიდენტების" შემდეგ კი 2007 წლის მოწვევის "პარლამენტის" დეპუტატი გახა. გაგრაში ერთ-ერთმა მდიდარმა ადამიანმა წელსაც უპრობლემოდ მოიგო არჩევნები მშობლიურ სოფელ ბზიფში.
„სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა და უშიშროების მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ „აბაზა ტვ“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბგანბას გამარჯვება ანქვაბის მხარდაჭერამ განაპირობა.
„ამ არჩევნების ბედი წინასწარ იყო გარკვეული. წინასწარ იყო გადაწყვეტილი არა დღეს, ან გუშინ. ეს სამუშაო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო შეხვედრა, პირველი სესიის დაწყებამდე გაიმართა. ფაქტობრივად, ეს მოსალოდნელიც იყო.
არაფერი ახალი ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ეს არის ის მიზანმიმართული მექანიზმი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლებში სულ იყენებს. სამწუხაროდ, იმ ეტაპზე რომელსაც ახალი პარლამენტის პირველი სესია ჰქვია ჩვენ პარლამენტი მუხლებში გადავტეხეთ.“
ვალერი ბგანბა აფხაზური „სახალხო კრების“ რიგით მესამე სპიკერი გახდა. მას შემდეგ რაც, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ "საპარლამენტო არჩევნები" სამჯერ გაიმართა.
პირველად 1996 წელს, მაშინ "სპიკერად" სოკრატ ჯინჯოლია აირჩიეს. 2001 წლის ბოლოს, კოდორის ხეობაში კრიზისის გამო, მორიგი არჩევნები აფხაზეთში, 2002 წლის მარტში გაიმართა და ახალი "სპიკერი" ნუგზარ აშუბა გახდა. აშუბამ ხელახლა იქნა არჩეული 2007 წლის „საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგაც. წელს კი "კრებაში" საერთოდ ვეღარ მოხვდა.
ვალერი ბგანგასთან ერთად, არჩეული იქნა ოთხი "ვიცე სპიკერი": ადღურ ხარაზია, ემა გამისონია, ვიტალი ცვიჟბა და ეთნიკური სომეხი, ვაგარშაკ კოსიანი. ეს უკანასკნელი ქართველებთან ომის დროს, სისასტიკით გამორჩეული „ბაგრამიანის“ სომხური ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური იყო. პირველი სესიის დასრულების შემდეგ, კმაყოფილი იყო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი. ახალმა სკიპერმა ვალერი ბგანბამ კი უარყო ხაჯიმბას მოსაზრება, რომ დეპუტატებზე ზეწოლა განხორციელდა.
ალექსანდრე ანქვაბი: „ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორია ახალგაზრდაა, თუმცა ძალიან სავსე. დღეს ახალი ფურცელი გადავშალეთ და მე ეჭვი არ მეპარება რომ არჩეული დეპუტატები, კანონით დადგენილ ვადებში, ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს.“
ვალერი ბგანბა: „ჩვენ უფრო ხშირად გვექნება საუბრის საშუალება, მათ შორის ზეწოლის შესახებ. მე ვიცი, რომ ამ დეპუტატებზე ზეწოლას ვერ მოახდენ. ადამიანებმა ხმა მისცეს, ისე, როგორც თავად ჩათვალეს საჭიროდ.“
ექსპერტთა აზრით, მიუხედავად "საპარლამენტო არჩევნებში" წარუმატებლობისა, ოკუპირებულ აფხაზეთში მთელი ძალაუფლება მაინც დე ფაქტო "პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის ხელში დარჩა კონცენტრირებული.
ანქვაბმა, რომელიც სულ ახლახანს მორიგ თავდასხმას გადაურჩა, ფორმალურადაც არ დაუშვა „პარლამენტის“ სახით აფხაზეთში „მეორე პოლიტიკური ცენტრის“ ფორმირება და არ მისცა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს - რაულ ხაჯიმბას "სპიკერის" თანამდებობის დაკავების საშუალება.
ვალერი ბგანბას სპიკერობის პერიოდში, რომლის ოჯახიც გაგრის რაიონში ტურისტულ და სატყეო ბიზნესშია ჩართული, ოპოზიციას პარლამენტში „მეორე პოლიტიკური ცენტრის“ შექმნის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის გამო საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ არცერთი არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს.