ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანქვაბი ქართველი „ამომრჩევლისთვის“ ბრძოლას განაგრძობს


აფხაზები ანქვაბს ისევ "პროქართულობის" გამო უტევენ
აფხაზები ანქვაბს ისევ "პროქართულობის" გამო უტევენ

ლაკობა: „ანქვაბმა მე კი არ გამანთავისუფლა, მან თავის განთავისუფლებას მოაწერა ხელი“

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:05 0:00
ბმული


ოკუპირებული აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ვითარება სულ უფრო ემსგავსება დამუხტულ დენთის კასრს, რომლის აფეთქებაც მხოლოდ დროის საქმეა. ძალაუფლებისთვის ბრძოლა შავიზღვისპირა ანკლავში ახალ ფაზაში გადავიდა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას "აფხაზთა პრეზიდენტმა" ალექსანდრე ანქვაბმა "უშიშროების საბჭოს" მდივანი, აფხაზური პოლიტიკის ერთ-ერთი უხუცესი - სტანისლავ ლაკობა მოხსნა.

ლაკობამ ღიად განაცხადა, რომ ანქვაბმა ამ გადაწყვეტილებით განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა. გუშინ ანალოგიური სულისკვეთების განცხადება პოლიტიკურმა პარტია „ერთიანმა აფხაზეთმაც“ გააკეთა. „ანქვაბის დრო მთავრდება“ - ასე იწყება ანკლავის ყოფილი "მმართველი პარტიის" მიმართვა.

ეს პარტია, რომელსაც აფხაზეთში ცნობილი ფიგურა, ოჩამჩირელი დაურ თარბა ხელმძღვანელობს, "პრეზიდენტ" ანქვაბის ოპოზიციაში ზაფხულში გადავიდა. „ერთიანი აფხაზეთი“ ანქვაბის პოლიტიკურ მოკავშირეს - „ამცახარას“ მოუწოდებს დროზე გაემიჯნოს მოღალატე პრეზიდენტს.

აფხაზური შიდა დაპირისპირების „ფრონტის ხაზი“ ისევ გალის რაიონში გადის და ქართული მოსახლეობის მასობრივი პასპორტიზაციის საკითხს ეხება. ანქვაბის მიერ მოხსნილი სტანისლავ ლაკობა პირდაპირ ამბობს, რომ თუ ყველაფერი ასე დარჩა - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში მოიგებს ის კანდიდატი, რომელსაც გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მხარდაჭერა ექნება.

„შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა პირდაპირი, ქართველიზაცია, მეგრელიზაცია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რაიონებში.
შემდეგ პრეზიდენტს მკვიდრი მოსახლეობა ვეღარ აირჩევს. აქ სრულიად სხვა ძალებს ექნებათ გავლენა.

გალი არის სასაზღვრო რაიონი, იქ კომპაქტურად ცხოვრობენ ქართველები, მათი პასპორტიზაციის შემდეგ, მომავალში იქ აუცილებლად დაისმება ადამიანის უფლებების, სინდისის თავისუფლების საკითხები, ვის აწყობს ეს?!

ეს მიგვიყვანს ომის შედეგების გადახედვამდე. ეს მიგვიყვანს არა გალის რაიონის ინტეგრაციამდე, არამედ მცოცავ ინტეგრაციამდე საქართველოს შემადგენლობაში.

ცხადია, რომ საქართველოს მოქალაქეებს აძლევენ აფხაზეთის პასპორტებს რომ შემდეგ ისინი გამოიყენონ შიდაპოლიტიკურ ვითარებაში. ეს ბრძანება სინამდვილეში არ არის ჩემი განთავისუფლების ბრძანება, ეს მისი (ანქვაბის) გათავისუფლების ბრძანებაა“.

ოკუპირებულ აფხაზეთში „ქართველების პასპორტიზაციის“ თემა სტანისლავ ლაკობამ მაისის ბოლოს წამოჭრა. "უშიშროების საბჭოს" მდივანმა ღიად განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, 26 000-მდე ეთნიკურმა ქართველმა (მეგრელმა) მიიღო „აფხაზეთის მოქალაქეობა“, რაც "დამოუკიდებლობას" საფრთხეს უქმნის.

სინამდვილეში, ეს იყო ღია იერიში "პრეზიდენტ" ანქვაბის წინააღმდეგ. სწორედ ანქვაბთან არსებული კომისია გასცემდა "პასპორტებს" ეთნიკურ ქართველებზე. ლაკობამ ასევე მოახერხა "საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის" ლობირება, რომელსაც ანქვაბის კიდევ ერთი მწვავე ოპონენტი, ასლან კობახია ჩაუდგა სათავეში.

სექტემბრის ბოლოს - კობახიას კომისიამ პარლამენტში „ქართველების პასპორტიზაციის პროცესის“ შეჩერების რეკომენდაცია გასცა და სოხუმის "პროკურატურას" დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა დაავალა. ანუ, ანქვაბის ადმინისტრაციის და მთავრობის ყველა იმ მოხელის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებმა ქართველებზე პასპორტები „უკანონოდ“ გასცეს.

"პროკურატურასა" და "ძალოვან სტრუქტურებში", სადაც ანქვაბს უზარმაზარი გავლენა აქვს, გამოძიება რა თქმა უნდა არც დაწყებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება თავისუფლად პრეზიდენტამდეც მივიდოდა.

საბოლოოდ, კრიზისული ვითარება ანქვაბმა ლაკობას მოხსნით დროებით განმუხტა. "უშიშროების საბჭოს" ახალ მდივნად კი ოჩამჩირელი ნუგზარ აშუბა დანიშნა. იგი 10 წლის მანძილზე იყო "აფხაზთა პარლამენტის" თავმჯდომარე, თუმცა 2012 წლის "არჩევნებში" დამარცხდა. ალექსანდრე ანქვაბი ამბობს

"თუ გალში მცხოვრებლები ჩვენი მოქალაქეები არ არინ რატომ იღებს 7000 გალელი პენსიას და შემწეობას? თუ ასე ვსვამთ საკითხს..რატომ იძახებდნენ გალელ ახალგაზრდებს აფხაზურ ჯარში?

რატომ ვაფორმებდოთ გალის რაიონში ქორწინებებს? რატომ გავცემდით გალში დაბადებულ ახალშობილებზე დაბადების მოწმობებს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით?

მაშინ გალის სასამართლო რატომ იღებდა გადაწყვეტილებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით? ესეც დღევანდელი ხელისუფლების დანაშაულია?!


თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა არჩევნები გალის რაიონში უკანონო იყო, მაპატიეთ და ძალიან შორს წავალთ. განსაკუთრებით, რეფერენდუმი, რომელშიც გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა.“

ანქვაბის მიერ ნახსენები "საკონსტიტუციო რეფერენდუმი" აფხაზეთში, ვლადისლავ არძინბას ზეობის დროს 1999 წელს, "საპრეზიდენტო არჩევნებთან" ერთად გაიმართა.

მაშინ სეპარატისტულ ანკლავში თითქმის 220 000 "ამორჩეველი" იყო რეგისტრირებული. აფხაზთა მტკიცებით, რეფერენდუმში 180 000-ზე მეტმა "ამომრჩეველმა" მონაწილეობა და მოიწონა "კონსტიტუცია", სადაც აფხაზეთი "დამოუკიდებელ ქვეყანად იყო გამოცხადებული".
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს ციფრები მაშინვე ეჭვქვეშ დააყენეს.

უკვე 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, აფხაზებმა "ამომრჩეველთა" რაოდენობა 220 000-დან 137 000-მდე შეამცირეს; 2005 წელს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრირებულ "ამომრჩეველთა" რიცხვი უკვე 129 000 იყო.

2009 წელს, "ამომრჩეველთა" რაოდენობამ ისევ მოიმატა და 138 000 გადააჭარბა. ამ დროს უკვე დაწყებული იყო გალის ქართველობისთვის "აფხაზური პასპორტების" გაცემა. 2011 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებზე" კი "ამომრჩეველთა" რიცხვმა 149 000 შეადგინა და აქედან თითქმის 60 000-მა ხმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო. მათ შორის, 10 000-მდე ხმა მან სწორედ გალის რაიონში მოიპოვა.

ბოლო "აღწერის" (2011) მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში 240 000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 43 000 ეთნიკური ქართველია. თუმცა ექსპერტთა აზრით, ეს მონაცემები ძალიან შორსაა რეალობისგან და გაყალბებულია. სინამდვილეში - თანამედროვე აფხაზეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 180 000-ს არ აღემატება, ქართველების რიცხვი კი 55 000 აღწევს.

XS
SM
MD
LG