ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტებმა ქართველების რაოდენობა ისევ შეამცირეს


"მოსახლეობის აღწერა" ოკუპირებულ აფხაზეთში
"მოსახლეობის აღწერა" ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა. რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ფინანსური და მატერიალური დახმარებით აღწერა თებერვლის ბოლო კვირას ჩატარდა.

2011 წლის აღწერას წინ უსწრებდა რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ხელმძღვანელის სურინოვის ვიზიტი სოხუმში, სადაც იგი სეპარატისტების ლიდერ სერგეი ბაღაფს შეხვდა.

შვიდი დღის მანძილზე აღწერამ აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა, მხოლოდ ორ მაღალმთიან სოფელში ფსხუსა და აჟარაში აღწერა სექტემბრისთვის გადაიდო.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც სეპარატისტებმა გამოაცხადეს, 2003 წელთან შედარებით, ოკუპირებული აფხაზეთში მოსახლეობის რაოდენობა "გაიზარდა". სოხუმის სეპარატისტული მთავრობის წევრი ზოია ავიძბა ამბობს:

„მოსახლეობის საერთო რაოდენობამ შეადგინა 242826 ადამიანი. 2003 წელთან შედარებით, მოსახლეობა 28 810 ადამიანით ანუ 13,5 პროცენტი არის გაზრდილი.

ჩვენ ასევე დავთვალეთ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა. ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 119 307 ადამიანი, აქ ზრდა 23 246 ადამიანი, სოფლად კი 123 455 ადამიანი ცხოვრობს, აქ ზრდამ 5 564 ადამიანი შეადგინა.

ვხედავთ, რომ მოსახლეობის გაზრდა ძირითადად მოხდა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის მატების ხარჯზე. ყველა სხვა მონაცემები ჩვენ მზად გვექნება მხოლოდ წლის ბოლოს.“

სეპარატისტთა წინასწარი მონაცემების მიხედვით, დღეისათვის სოხუმში - 64 478 ადამიანი ცხოვრობს, სოხუმის რაიონში - 12 045; გაგრის რაიონში - 39 342; გუდაუთის რაიონში - 37 143, გულრიფშის რაიონში - 18 146, ოჩამჩირის რაიონში - 25 235, ტყვარჩელის რაიონში - 16 ათასი და გალის რაიონში - 30 437 ადამიანი.

ქართველ ექსპერტებს განსაკუთრებით აეჭვებთ გალის რაიონის მონაცემები, სადაც არაოფიციალური ცნობებით, ორჯერ უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, ვიდრე სეპარატისტებმა აღწერეს.

ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია აფხაზეთის ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობენ, აღწერაში ვერ მოხვდნენ და შესაძლებელია მათ უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოართვან. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ აფხაზები შეეცდებიან რეალური დემოგრაფიული სურათი დამალონ.

„აფხაზებს კარგად ესმით, რომ ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა აქვთ. თუ რამე პრობლემა აქვთ აფხაზეთში, აქედან ნომერ პირველი პრობლემა მათთვის არის დემოგრაფიული საკითხი.

კარგად იციან, რომ ისე არ მრავდებიან როგორც სჭირდებათ და აფხაზეთში რეალურად უმცირესობაში იმყოფებიან. არც აფხაზური ენა, არც რუსული ან ქართული ფაქტორი, იმდენად არ არის მათთვის გამოწვევა, როგორც დემოგრაფიული საკითხი.

ჩემი მონაცემებით, აფხაზეთში რეალურად 180 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მეტი აფხაზები არიან - ალბათ, 65 ათასი, 55 ათაამდე არის ქართველი და 45 ათასიდან 50 ათასამდე იქნება სომეხი, სადღაც 16 ათასამდე იქნება რუსი. მოლოდინი ასეთია ჩემი, რომ ალბათ უფრო მეტად გაასაიდუმლოებენ და შეცვლიან ციფრებს.“

აღწერის ფურცელში, რომელიც მოსახლეობას სეპარატისტებმა დაურიგეს, ჩამოთვლილი იყო 16 შეკითხვა, მათ შორის - რომელი ქვეყნის მოქალაქეა ინტერვიუერი, რა ეროვნებისაა, რომელია მისი მშობლიური ენა და სულ რამდენ ენას ფლობს; რამდენი შვილი ჰყავთ ოჯახში, რა განათლება აქვს, დადიან თუ არა შვილები სკოლაში. შემოსავლის რამდენი წყარო გააჩნია.

ოფიციალურმა თბილისმა უკვე დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის ჩატარების ფაქტი. ტერიტორიული მთლიანობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე შოთა მალაშხიამ კერძოდ განაცხადა:

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ორივე ოკუპირებული ტერიტორიიდან ეთნოწმენდის შედეგად არის გამოდევნილი მოსახლეობა, აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოყრილია მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი.

ასე, რომ სანამ ეს მოსახლეობა არ დაუბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლებს აქ რაიმე მანიპულაციების ჩატარება ყველანაირად იქნება სამართალს მოკლებული. მით უმეტეს დღეს, როდესაც ეს ტერიტორია არის ოკუპირებული და ანექსირებული.“

1990 წელს აფხაზეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 240 ათასი ქართველი, 94 ათასი - აფხაზი, 75 ათასი რუსი, 76 ათასი - სომეხი და 15 ათასი ბერძენი.

რუსულ-ქართულ-აფხაზური ომების შემდეგ, აფხაზეთიდან ქართველობა თითქმის მთლიანად გამოდევნეს. 2003 წლის აღწერით, აფხაზეთში სეპარატისტებმა 215 ათასი ადამიანი დააფიქსირეს, აქედან მხოლოდ 46 ათასი ქართველი, 95 ათასი აფხაზი, 24 ათასი რუსი და 45 ათასი სომეხი.

ბოლო აღწერის მიხედვით, გალის რაიონში, სადაც ძირითადად ცხოვრობენ ქართველები, მხოლოდ 30 ათასი ადამიანია დაფიქსირებული. ექსპერტები ასევე საუბრობენ სეპარატისტთა კარგად გათვლილ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე- გალსა და კოდორში მცხოვრებ ქართველებს აფხაზები სთავაზობენ ამიერიდან მეგრელებად ან სვანებად ჩაეწერონ.

XS
SM
MD
LG