გასულ სამშაბათს, 1 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს და რუსეთის ლიდერებს სიბრნის გამოჩენისკენ და ორ ქვეყანას შორის ”სხვადასხვა დონეზე” დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.
”ჩვენ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რათა ნეგატიური პროცესების შენარჩუნება და გაღრმავება არ დავუშვათ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და ვიფიქროთ მომავალზე ჩვენი ხალხების და ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით. მტრული დამოკიდებულების გაგრძელება მეზობლებს შორის დაუშვებელია” - ნათქვამია პატრიარქის მოწოდებაში.
პატრიარქის მოწოდებას იმ დღესვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას დაიწყოს სრულმასშტაბიანი დიალოგი.
პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით, 2 მარტს ერეკლე მეორეს საზოგადოებამ სკაიპის საშუალებით ქართველი და რუსი ექსპერტების და ჟურნალისტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა ჩააატარა სახელწოდებით ” რუსულ-ქართული ურთიერთობები მასმედიაში: რატომ მხოლოდ ნეგატიური?”
ჟურნალისტმა ნინო მეტრეველმა რუს კოლეგებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ორჯერ მიმართა მოსკოვს დიალოგის წინადადებით და ჰკითხა, როგორ უყურებენ ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებს. ქართველ ჟურნალისტს უპასუხეს მართლმადიდებლური საინფორმაციო სააგენტოს ”რუსკაია ლინიას” მთავარმა რედაქტორმა ანატოლი სტეპანოვმა და რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები არ იყო გულწრფელი.
ანატოლი სტეპანოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინადადებას აქვს პროპაგანდისტული ხასიათი. მან რუსეთის ხელისუფლების ნდობა დაკარგა და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის საკითხი რუსეთ-იაპონიას შორის არსებულ კურილის კუნძულებთან დაკავშირებულ დავას დაუკავშირა. ნინო მეტრეველის თქმით, ის მოელოდა, რომ მოსკოველი კოლეგა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციას არ აღიარებდნენ, მაგრამ კურილის კუნძულებთან შედარება მისთვის ნამდვილად მოულოდნელი და მიუღებელი იყო.
მრგვალი მაგიდის მონაწილეს, ”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის” დირექტორს ნანა ჯაფარიძის თქმით, ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაარსებული ორგანიზაცია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა მიუხედავად იმ ბრალდებებისა, რომელიც მათ მიერ ჟღერდება ”ოფიციალურ მედიაში”. მისივე თქმით, ”დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გაივლის და დარჩება ის, რაც დასარჩენია”.
ერეკლე მეორეს საზოგადოების თავმჯდომარის, არჩილ ჭყოიძის თქმით, მასმედიის ზოგიერთ საშუალებას რუსულ-ქართული ურთიერთობებისადმი არაკეთილსინდისიერი მიდგომა აქვს და თვლის, რომ პატრიარქის ინიციატივას საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს.