„მაშინ შიშისგან ვერ ვთქვი, რომ ქართველი ვარ“ - ასე იხსენებს ორი წლის უკან, რუსულ-აფხაზური შენაერთების კოდორის ხეობაში შეჭრას - სოფელ გენწვიშის მკვიდრი ელენე ფანგანი.
ქალბატონი ელენე, ძმასთან და მოხუცებულ მეზობელთან ერთად, ერთადერთი იყო, რომელმაც საკუთარი სახლი გენწვიშში ოკუპანტების შესვლის შემდეგაც არ დატოვა.
2008 წლის 12 აგვისტოს, როცა რუსულ-აფხაზური კოლონა კოდორში გამოჩნდა, იქ აღარც საქართველოს სამხედრო ნაწილები იყვნენ და არც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა.
ალყაში მოქცევის საფრთხის გამო 600-მდე ქართველმა მებრძოლმა, კოდორის უბრძოლველად დატოვების ბრძანება წინა ღამით თბილისიდან მიიღო. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ელენე ფანგანი ამბობს, რომ გენწვიშში შესული აფხაზი მეომრები მათ ქართულად მიესალმნენ:
„სოფელში რომ შემოვიდნენ, ჩემს ეზოში მომაკითხეს. ორი შეიარაღებული მამაკაცი იყო. ჩვენ ვიჯექით იქ, ქალიც დარჩა, 81 წლის მოხუცი მეზობელი... მე, ჩემი ძმა და ის ქალი ვიჯექით. დაგვიძახეს ქართულად სხვათაშორის...ქართველები აქ არავინ არა ვართ მეთქი, ასე ვუთხარი..შემეშინდა!
გამოვედი, ქართულად დამიწყეს ლაპარაკი, შემდეგ რუსულად უკვე...მე ხელებ აწეული გავედი, შეშინებული ვიყავი...ნუ გეშინიათო, არ გესვრითო, არაფერს გერჩითო, ცუდს არაფერს გაგიკეთებთ არავინო. გვითხრეს და გავიდნენ ასე გავიდნენ ისინი.
შემდეგში, ვინც მოვიდა ჩვენთან ეს აფხაზი იყო თუ რუსი, ყველა უბოროტოდ გვექცეოდნენ. არვიცი აწი რა იქნება. როგორი ამბები წავა წარმოდგენა არ მაქვს.“
ომამდე კოდორის ხეობის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა დაახლოებით 2000-მდე ქართველი ცხოვრობდა. ომის შემდეგ, სვანებით დასახლებული თორმეტივე სოფელი თითქმის მთლიანად დაიცალა.
მოგვიანებით, ხეობაში, ყოფილი გუბერნატორის ემზარ კვიციანისა და მისი ბიძაშვილის ბაჩუკი არღვლიანის გამოჩენის შემდეგ, რომლებსაც თბილისში სამშობლოს ღალატის ბრალდებით ეძებენ, კოდორელების მცირე ნაწილი უკან დაბრუნდა.
დღეისათვის ხეობაში მუდმივად 170-მდე ადამიანი ცხოვრობს. ელენე ფანგანი ამბობს, რომ გენწვიშში სულ ათამდე ოჯახი დაბრუნდა:
„ვინც მიატოვა სახლები, მათი ოჯახები რა თქმა უნდა განადგურებულია. იმიტომ, რომ პირუტყვი, ყველაფერი გაყვანილი და გატანილია. გენწვიშში ჩემი სოფლის პირუტყვი, რაც მე ვიცოდი, რო არ მოეპარა ვინმეს ან რამე სიგლახე არ ჩაედინა გავყიდე. ფული კი იმათ გავუგზავნე, ვისიც პირუტყვი იყო.
თვითონ აფხაზები რო ამოვიდნენ მათ უნდოდათ და მივყიდე. მერე გენწვიშში დაბრუნდნენ ზოგიერთები, ალბათ, ათი მოსახლე მაინც ვიქნებით.
ადრე, აფხაზი გოგონა იყო სოფელში ამოსული და პატარა მაღაზია გახსნა. პროდუქტები მოჰქონდა და მაინც და მაინც ძვირად არ ყიდდა, მერე მოიშალა მაღაზია. პური და შაქარი როცა დაგვიმთავრდა ერთხელ მგონი აფხაზეთის იქაურმა "მთავრობამაც" გამოაგზავნა - 50 კილოგრამის ოდენობით...
წითელი ჯვარი კი თითქმის ყოველთვე, ძალიან ხშირად გვაკითხავს და გვეხმარება. თან საქონელიც გვყავს და ვირჩენთ თავს ასე.“
ცენტრალური ხელისუფლება ომამდე გენწვიშში სამთო-სათხილამური სკოლის გახსნას გეგმავდა, დღეს, ტურისტულ პროექტებს ამ მიმართულებით უკვე რუსულ-აფხაზური კერძო კომპანიები ანვითარებენ.
ტურისტული კომპანია „აფხაზტური“ „აფხაზეთის შვეიცარიაში“ ორდღიან მარშუტრს 3800 რუსულ რუბლად ჰყიდის, რაც 200 ლარზე მეტია. ამ მარშუტის ბოლო გაჩერება სწორედ სოფელი გენწვიშია, საიდანაც ტურისტები ულამაზესი, კლიჩის 100 მეტრიანი ჩანჩქერის სანახავად მიჰყავთ.
ტურისტები, ისევე როგორც აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობა ოკუპირებულ კოდორის ხეობის ზემო ნაწილში სპეციალური საშვებით შედიან. ამის მიზეზი რუსი ოკუპანტების მთავარი ბაზა და სამხედრო აეროდრომია, რომელიც სოფელ მარცხენა გენწვიშშია მოწყობილი. ელენე ფანგანი ამბობს, რომ ბაზაზე ახალი მშენებლობა მიმდინარეობს
„ჩვენს გაღმა, იქ სადაც მდინარე კოდორი ჩამოდის, მარჯვენა გენწვიშში მე ვცხოვრობ, მარცხენა გენწვიშში კი დიდი მშენებლობა დაიწყო უკვე. რუსი ოფიცრების სახლების. დაწყებულია უკვე, ჩაყრილია საძირკველი, მუშაობენ, რუსებიც არიან, ინგუშებიც არიან..
.სხვათაშორის, არვიცი პოლკოვნიკი იყო თუ პოდპოლკოვნიკი, ზიმენკო. კეთილი კაცი აღმოჩნდა. რამე თუ გაგვიჭირდებოდა იქ დარჩენილებს ძაან გვეხმარებოდა. ძროხები მყავს და თივა მქონდა მოთიბული და მოიყვანა თავისი ჯარისკაცები, პატარა ბიჭები იყვნენ 18-20 წლის და შემიზიდეს თივა ბოსელში.“
კოდორის ქართველობა პენსიას მხოლოდ საქართველოდან იღებს, მათთვის, ჯერ არც ქართული პასპორტების "აფხაზურზე" გადაცვლა მოუთხოვია ვინმეს. უპრობლემოდ შეუძლიათ ე.წ საზღვრის გადმოკვეთაც, ოღონდ მხოლოდ სპეციალური საშვის მიღების შემდეგ.
ამისათვის აფხაზთა უშიშროების სამსახურისთვის ახსნა-განმარტების მიცემა უწევთ, თუ სად, ვისთან და რა მიზნით მიემგზავრებიან. აფხაზურ-რუსული სასაზღვრო პოსტები ხიდასა და კალამრი-სუხის უღელტეხილებზეა მოწყობილი, სადაც ქართველებს ბაჟის გადახდაც უწევთ:
„აქეთ, თბილისისკენ როცა გვინდა წამოსვლა საშვები უნდა ავიღოთ. ჯერ ანკეტებს ავსებენ იქვე სოფელ აჟარაში ზიან მათი წარმომადგენლები, ახალგაზრდა ბიჭები. გვეკითხებიან - სად დაიბადე, ვინ ხარ, ვინ გყავს მშობლები, და-ძმა. ამას ყველაფერს გვეკითხებიან და იწერება ანკეტაში. შემდეგ უკვე სოფელ აგუძერაში, იქაურმა უშიშროებამ კიდევ დაგვკითხრა და საშვი იქ გამომიწერეს და გამომიშვეს.
მე, მაგალითად, შემიძლია თვის ბოლომდე რო დავრჩე აქეთ. საზღვარზე უპრობლემოდ გიშვებენ, როგორც კი საშვს აჩვენებ და დაწესებულ გადასახადს გადაუხდი. ერთ ჩანთის გადმოტანა ღირს 100 რუსული რუბლი, ჩვენ ფულზე 5 ლარი და 80 თეთრი.“
ქალბატონი ელენე ფანგანი პირველად დევნილი სოხუმის დაცემის შემდეგ გახდა, თუმცა ენგურს გადმოღმა დიდხანს ვერ გაძლო და მალევე კოდორის ხეობაში, ავადმყოფი ძმის მოსასვლელად დაბრუნდა.
დღეს იგი სრულიად მარტოა, ძმა რამდენიმე თვის უკან დაკრძალა. ახლა, 62 წლის ყოფილი პედაგოგი რთული არჩევანის წინაშეა - იცხოვროს მშობლიურ სოფელში ოკუპაციის ქვეშ, თუ უკვე ორგზის დევნილის სტატუსით, შეეცადოს ცხოვრების გაგრძელებას ენგურს გადმოღმა.