საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში ცხინვალის ციხის პატიმრის ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს რამდენიმე წუთით გაესაუბრა. ამ შეხვედრის შემდეგ ელჩმა მედიასთან განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მიერ არის მაგალითი იმისა, რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში:
„მოხარული ვარ, რომ მომეცა ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება. ეს არის გულსატკენი, მაგრამ აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში. ამას თავისი შედეგები აქვს რეალური ადამიანებისთვის.
კიდევ ერთხელ მტკიცედ მსურს დავადასტურო ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების მოთხოვნები და უნდა შეცვალოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება. სასწორზე რეალური ადამიანების სიცოცხლე დევს“, - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში, სადაც, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციების გამართვისთვის ემზადებიან. ამის შესახებ მათ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო შეხვედრის გამართვამდე ერთი დღით ადრე განაცხადეს. დაგეგმილი აქციის შესახებ ოჯახის წევრებმა ციცაგიანთკარში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გარდა, იტალიის ელჩს, ასევე ეუთოს გენერალური მდივანს აცნობეს.
ზაზა გახელაძის მშობლები და ცოლი აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოტყუებულები დარჩნენ და ზაზას გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. თვეზე ცოტა მეტი გავიდა, რაც გახელაძეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და პრობლემის სწრაფად მოგვარებას შეჰპირდა, თუმცა ამის შემდეგ ხელისუფლებისგან ახალი ამბავი აღარ გაუგიათ.
ზაზას დედა, ნანა ბუნტური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახლში ვეღარ გაჩერდებიან და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ, მისი მეუღლე ირმა ბუთხუზი კი აზუსტებს, რომ 23 ივნისს, ზაზას დაბადების დღეს, ქუჩაში გავლენ, თუ მანამდე ის არ გათავისუფლდა. ირმა ბუთხუზის თქმით, ქვემო ჭალის გარშემო 7 სოფელია და შვიდივე სოფლის მოსახლეობა მათ სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზე გამოსასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე. წ. საზღვრის ვითომდა დარღვევისთვის უკანონოდ დააკავეს მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალა "რადიო თავისუფლების" მიერაა მომზადებული.
Facebook Forum