ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო/ოდირი ე.წ “უცხოეთის აგენტებზე”- შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების კანონთან


ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი" [ODIHR - ოდირი], საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვანაში ვკითხულობთ, რომ “საქართველოში ახლადშემოღებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის ვალდებულებებთან. [კანონი] უნდა გაუქმდეს”.

ოდირის მიერ გამოქვეყნებული იურიდიული დასკვნის მიხედვით, კანონი ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონს ეწინააღმდეგება, ვინაიდან, ის სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას “უცხოური ძალების ინტერესების გამტარად” მხოლოდ იმიტომ მოიხსენებს, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ.

ოდირის განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველოში მიღებული ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონი არ ჰგავს მაგალითად ამერიკულ “ფარას”, როგორც ამას ხშირად მიუთითებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

“მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” (ე.წ. "ფარა"), ან ავსტრალიური “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი” ფუნდამენტურად განსხვავებულია თავისი მიზნებითა და შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები, ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ხელისუფლების სახელით უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში, ან ლობირებაში, საჯაროდ იყვნენ დარეგისტრირებულნი - ის არ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, ან მედია უცხოური [ძალის] წარმომადგენლები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ”, - წერია ეუთო-ოდირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონი და "გადადგას ნაბიჯები, რათა ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში იყოს".

ოდირში თვლიან, რომ შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დაეკისროთ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ისინი ადამიანი უფლებებთან უნდა იყვნენ შესაბამისობაში და არ უნდა ისახავდნენ ხელისუფების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას. ასევე, "არ უნდა იყოს მიჩნეული, რომ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, უცხო ქვეყნების ინტერესებს ატარებს.

განცხადებაში წერია, რომ “ოდირი მზადაა სამომავლოდაც გაუწიოს დახმარება [ხელისუფლების] ოფიციალურ პირებს, საკანონმდებლო, ან სხვა ტიპის ალტერნატივების მოძიებაში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კონკრეტულ შეშფოთებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად”.

ოდირის იურიდიული დასკვნის შინაარსს იზიარებს ვენეციის კომისიაც. ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ დასკვნა 21 მაისს გამოაქვეყნა. 24-გვერდიან დასკვნაში დეტალურადაა განხილული ე.წ „უცხოეთის აგენტების კანონი“, მისი მიღების წინაპირობები, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მისი მიზანშეწონილობა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევის რეკომენდაცია მისცა, ვინაიდან მათი აზრით, ეს კანონი ბევრ, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებს არღვევს.

საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონს სამი მოსმენით უყარა კენჭი. 28 მაისს კი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოც დაძლია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG