ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია


საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე დადებული ვეტო დაძლია. 84 დეპუტატის მიერ მიცემული ხმების შემდეგ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს მიხედვით, მხოლოდ ერთ დღეს უნდა ყოფილიყო ძალაში და შემდეგ საბოლოოდ უნდა გაუქმებულიყო. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0 მომხრე, 66-წინააღმდეგი, ჩავარდა და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ვეტო დაძლიეს.

ახლა ვეტოდაძლეული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მას კანონით დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მაშინ მას 5 დღის ვადაში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს ხელს.

კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. პარლამენტის ყველა შესასვლელში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ჟურნალისტების ცნობით, მიმდებარე ქუჩებზე კრიმინალური პოლიციაცაა მობილიზებული.

განხილვა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში განხილვა დილიდან პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს თანდართულ კანონპროექტთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს არ შეესაბამება.

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას, მასში ცვლილებების შეტანის გზით, არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

როდის და როგორ შევა კანონი ძალაში?

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მას კანონით დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მაშინ მას 5 დღის ვადაში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს მას.

ე.წ „აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ ფინანსური დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

პროტესტი თბილისში

თბილისში პროტესტი ქვეყნის მთავარ გამზირზე გრძელდება. ამ წუთებში დემონსტრანტებს პარლამენტის ოპოზოციური ფლანგის დეპუტატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები მიმართავენ. დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ პარლამენტის შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ.

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დასავლეთის გამოხმაურება

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კვლავ აკვირდებიან ქვეყნის დასავლელი პარნტიორები როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბუჩიჩის განცხადება, სადაც ის წერს, რომ ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო.

"ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შანსზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დიალოგზე. მან უგულვებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.

აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფით ზემოქმედებაზე ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც",- წერია გენერალური მდივნის განცხადებაში.

კრიტიკული შინაარსის განცხადებები გაავრცელეს ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმაც.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე დელეგაცია გასული დღეებს განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა, ისევე, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია. ყველა მოუწოდებოდა "ქართული ოცნების" მთავრობას, უკან გაეწვიათ ეს კანონი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში კანონს არაერთხელ უწოდეს "კრემლისგან შთაგონებული" და "კრემლის სახელმძღვანელოდან" გადმოტანილი. გასულ კვირას კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვების თაობაზე გააკეთა განცხადება, რომელიც შეეხება მათ, ვინც ამ კანონის მიღებაზეა პასუხისმგებელი. ასევე მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა უკანონოდ და არაპროპორციულად გამოიყენა.

დღეს, 28 მაისს მორიგირ განცხადება გააკეთეს სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით. "სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

"დღეს, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმ არადემოკრატიულ "უცხოური გავლენის" კანონზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს. შესაბამისად კანონპროექტი იქცევა კანონად. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ნაბიჯს. ამ კანონის მიღებით მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხის, ვინც უკვე კვირებია ამ კანონს ქუჩებში გამოსვლით ეწინააღმდეგება" - განაცხადა მეთიუ მილერმა.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

მიმდინარე კვირას, ასევე გავრცელდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი, სადაც ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, "ანტი-დემოკრატიულ ზომაზე" ვეტოს დადების თაობაზე და მის ძალისხმევას - "დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ ხვდება".

პრეზიდენტის ინიციატივა

"84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია" - ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 მაისს საღამოს გაკეთებული მიმართვა. პრეზიდენტის სიტყვა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმა და ევროპულ მომავალზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

"ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? გაბრაზდით. მაგრამ დავიწყოთ საქმით. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ ეს ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ, მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა? 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით თუ დღეს ვინც ხართ აქ. ახალი საქართველო, მომავლის საქართველო",- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმეორებდნენ იმას, რომ ახლა სწორედ ქვეყნის პრეზიდენტს ეკისრება ერთგვარი გამაერთიანებლისა და ამ კანონის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის ლიდერის როლი.

"ქართული ოცნების" პასუხი

მმართველი პარტია აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ კანონი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მიიღეს და რომ ის ქვეყნის პრდასვალურ კურსს არ აზიანებს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ევროპელი კოლეგებისადმი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა".

დღეს, 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა: "მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს".

კობახიძის განცხადებით, "გამჭვირვალობის კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა."

შალვა პაპუაშვილმა საჯარო წერილი ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეების წერილზე პასუხად გამოაქვეყნა. ევროპელი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებმა ქართველ კოლეგას ღია წერილით გუშინ მიმართეს და მოუწოდეს, გაიწვიოს უკან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG