საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს თანდართულ კანონპროექტთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს.
პრეზიდენტის კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს და შემდეგ ის უნდა გაუქმდეს.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს არ შეესაბამება.
„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. საქართველოს ხელსუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ ისინი პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევენ.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მართლაც დაძლევს ვეტოს, მაშინ პრეზიდენტმა მას ხელი უნდა მოაწეროს. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს ხელს.
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
პარლამენტში მიმდინარე განხილვის პარალელურად, თბილისში, პარლამენტის წინ და რამდენიმე სხვა ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ქვეყანაში ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტს აპროტესტებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის პროდასავლურ კურსს ეწინააღმდეგება.
აქციები ქვეყანაში თვეზე მეტია გრძელდება. აქამდე პოლიციამ და სპეცრაზმმა დემონსტრაცია არაერთხელ დაარბია, დააკავა და ფიზიკურად იძალადა მშვიდობიან დემონსტრანტებზე. დღეს, 28 მაისს, ამ დროისთვის აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს და პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კვლავ აკვირდებიან ქვეყნის დასავლელი პარნტიორები როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე დელეგაცია გასული დღეებს განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა, ისევე, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია. ყველა მოუწოდებოდა "ქართული ოცნების" მთავრობას, უკან გაეწვიათ ეს კანონი, თუმცა მათმა ვიზიტმა ამ დრომდე შედეგი არ გამოიღო.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში კანონს არაერთხელ უწოდეს "კრემლისგან შთაგონებული" და "კრემლის სახლემძღვანელოდან" გადმოტანილი. გასულ კვირას კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვების თაობაზე გააკეთა განცხადება, რომელიც შეეხება მათ, ვინც ამ კანონზეა პასუხისმგებელი.
საქართველოს მთავრობა კანონპროექტის მიღებას სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების აუცილებლობით ხსნის.