10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.
წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის "საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას".
ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი - ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები.
გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს.
"გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა შემოიტანა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ განცხადებულ სურვილს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს [სახელით] ვალდებულება, რომ გააფართოვებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია ამოტვიფრული.
„ნათლად ჩანს, რომ უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.
ჩვენ უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შედგენილია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საბაბით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, რომ იქიდან მოყოლებული, ამ კანონს პუტინი და მისი ავაზაკები ოპოზიციის გასაქრობად იყენებენ, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენი რწმენით, ქართველ ხალხს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი სურს და [ამას] იმსახურებს. ამ კანონის მიღება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა.
ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს თან. 29 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის. 1. ბ-ნი ივანიშვილი გამოსვლაში ასევე მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის - 16 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს, რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.
ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი მთავრობის რეაგირებამ, რაც კანონპროექტის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგის თაობაზე, მათ შორის - ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირას, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა.
საინტერესოა, რომ ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 2. ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ.
საქართველოში სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმებს, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაბუნდოვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის - აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე".
საქართველოს მთავრობა კანონპროექტის გაწვევას გამორიცხავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომპრომისი დაუშვებელია, რადგან ეს კანონი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის არის მნიშვნელოვანი. განცხადება ირაკლი კობახიძემ 1 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კანონპროექტის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად, მან თქვა, რომ ამ კანონის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემასაც მოაგვარებს.
"ხომ არ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოველ წელს უნდა სცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად, რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ კანონზე უარის თქმა, უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება”, - განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.
29 აპრილს, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას. მანამდე, ის საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. მეორე მოსმენით კი კანონპროექტი პირველ მაისს დამტკიცდა, იმის მიუხედავად, რომ თბილისის ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გრძელდება.
ახლა დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა, რომელიც 13 და 14 მაისს იგეგმება. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დაიწყება ორშაბათს, 13 მაისს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონპროექტი“ ჩაეგდო და პირობა დაედო, რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონპროექტი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად უცხოეთიდან ფინანსდება. კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, თბილისში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტის დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
Facebook Forum