ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონპროექტით შექმნილი დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკას და ინვესტიციებს ემუქრება - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს აფრთხილებს. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, ისინი შიშობენ, რომ დაძაბულობას, რომელიც საქართველოში ე.წ. "უცხოეთის აგენტების" წინააღმდეგობრივი კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო შეიქმნა, შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება და ინვესტორთა ნდობის შერყევა.

საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა განცხადება სამშაბათს, 7 მაისს გაავრცელა. „გაგვაოცა მისმა [კანონპროექტის] მობრუნებამ და გვაშფოთებს ამის თანმხლები დინამიკა", - უთხრა ჟურნალისტებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ, კრედიტორთა ყოველწლიური შეხვედრების დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეხვედრები სომხეთში 14 მაისს გაიმართება.

საქართველომ რეფორმების კარგი პროგრესის წყალობით, ეკონომიკური სარგებელი მიიღო, განაცხადა რენო-ბასომ. ”მაგრამ, ახალ ტენდენციას და მის გარშემო შექმნილ დაძაბულობას შეიძლება ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს კერძო სექტორზე და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მზაობაზე, ამიტომ ჩვენ კონტაქტში ვართ ჩვენს პარტნიორებთან”, - თქვა მან. ალკის ვრენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კი დასძინა, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ კანონპროექტი ბანკის ინვესტიციებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი შეეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად უცხოეთიდან ფინანსდება. კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირების შემდეგ, თბილისში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტის დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი, რომელსაც მაშინ „უცხოეთის აგენტების კანონპროექტი“ ერქვა, ჩააგდო და პირობა დადო, რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა.

მაგრამ, ხელახლა ინიცირების შემდეგ, ამ წლის 29 აპრილს, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა ამჯერად შეცვლილი სახელით: „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“. მანამდე, ის საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. მეორე მოსმენით კი კანონპროექტი პირველ მაისს დამტკიცდა, იმის მიუხედავად, რომ თბილისის ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გრძელდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG