"კვლავ არის დრო იმისა, რომ თანამშრომლობით ვიმუშაოთ საქართველოსთან, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს" - ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 9 მაისს, ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა.
მეთიუ მილერმა ამჯერად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების დევნის, ჩასაფრებისა და ცემის ფაქტებზე, ჟურნალისტების შევიწროებასა და სხვა შემთხვევებზეც ისაუბრა და მთავრობას მომხდარი ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ძალზე ღრმად გვაშფოთებს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ კანონპროექტის გამპროტესტებელთა მიმართ გადაიდგა და მისი [კანონის] დასაწინაურებლად განხორციელებული ქმედებები. ჩვენ ვიცით, რომ მზარდი ცნობებია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას და მოვუწოდებთ სრული დაამოუკიდებელი და დროული გამოძიებისკენ", - თქვა მეთიუ მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი უფრო ფართო საკითხს, ორი ქვეყნის ურთიერთობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "კურსის ცვლილებაა" საჭირო.
"ჩვენ საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვქონდა. გვსურს გავაგრძლოთ ქართველ ხალხთან მუშაობა. კვლავ არის დრო იმისა, რომ თანამშრომლობით ვიმუშაოთ საქართველოსთან, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს", - თქვა მილერმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ გააკრიტიკა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მთავრობის მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი. ე.წ. "აგენტების კანონს" სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილიც "კრემლის მიერ შთაგონებულ" და "რუსული სტილის" კანონად მოიხსენიებს.