ერთი საათით ადრე, ვიდრე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს მთავრობის წევრებს და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვებს დაუწესებდა, ამერიკის კონგრესში ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ორი აქტი დარეგისრტირდა- სენატორ ჯინ შაჰინისა და სენატორ ჯიმ რიშის ერთობლივი "ქართველი ხალხის აქტი" და კონგრესმენ ჯო უილსონის "MEGOBARI" აქტი. ორივე ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონზე პასუხისმგებელი პირების და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებას ითხოვს. თუმცა, საუბარია არა მხოლოდ სამოგზაურო საქნციებზე, არამედ მთავრობისთვის დაფინანსების სრულ შეწყვეტაზე და სხვა მკაცრ შეზღუდვებზე.
"ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სწორედ ამ საკნონმდებლო ინიციატივებზე, ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი პოლიტიკის ცვლილებაზე და ქვეყანაში რუსულ გავლენებზე ისაუბრა, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა.
სენატორო დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, საქართველოში მიღებულ ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონს კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოწერილი უწოდა. თქვენ როგორ აფასებთ ამ კანონს და ზოგადად, ამ დროისთვის, რუსეთის გავლენას საქართველოში?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა [საქართველოში] გადაწყვეტილებების მიღებაში რუსეთი გარედან ერევა. ამის მთავარ მაგალითად კი გვესახება პუტინის რუსეთის სტილის "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონი"
პირველ რიგში, ძალიან გულდასაწყვეტია [რაც ხდება]. ჩვენ ყველანი ვუყურებდით საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისკენ, ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ფაქტს, რომ ის რუსეთისგან დისტანცირებას ახდენდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ჩვენთვის, ყველასთვის რთულად გასაგებია, რატომ უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას პუტინის სტილის კანონი, რომელიც აშორებს [საქართველოს] დემოკრატიისგან და ევროპისგან და რომელიც აშორებს მას ქართველი ხალხის ნებას. მათ არ სურთ ეს [კანონი]. ის უკიდურესად მტრულადაა განწყობილი თავისუფალი მედიის და დემოკრატიული სახელმწიფოს ქმედებებისადმი.
სენატორებმა შაჰინმა და რიშმა "ქართველი ხალხის აქტის" საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს. ასევე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა კონგრესმენი უილსონი და "MEGOBARI" აქტი წარადგინა. ორივე სანქციებს ითვალისწინებს მათთვის, ვინც ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონზეა პასუხისმგებელი. რას ფიქრობთ ამ ინიციატივებზე და საქართველოსთვის რა გზავნილია ეს კონგრესიდან?
მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს - ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ უნდა მოხდეს და რაც ქართველ ხალხს არ სურს. სენატორი შაჰინი და სენატორი რიში ამ კანონმდებლობაზე მუშაობენ. მე მათთან ერთად ვმუშაობ საგარეო საქმეთა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც ვარ და ნამდვილად განვიხილავთ იმას, რისი გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს.
ჩვენთვის, ყველასთვის რთულად გასაგებია, რატომ უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას პუტინის სტილის კანონი, რომელიც აშორებს [საქართველოს] დემოკრატიისგან და ევროპისგან და რომელიც აშორებს მას ქართველი ხალხის ნებას.
მე ასევე შევხვდი ჩემს კოლეგებს და ვმუშაობ მათთან ერთად ევროპის სხვადასხვა პარლამენტში და რეგიონის მასშტაბით, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ["უცხოეთის აგენტების" კანონი] მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ასე რომ ამ ქმედებას შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით და განვიხილავთ [საქართველოში შექმნილ სიტუაციას] როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში. არ არსებობს [უთანხმოება] იმაზე, რომ ეს არასწორია, ეს უნდა შეიცვალოს- საქართველოს მომავალი რუსეთში არაა, საქართველოს მომავალი დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ევროპაშია.
აქტი "MEGOBARI" არა მარტო სანქციებზე საუბრობს, არამედ საქართველოს სიკეთეებსაც ჰპირდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პროევროპულ გზაზე დაბრუნდება. საქართველოს მთავრობამ ამას ბუნდოვანი დაპირება უწოდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროპასა და ამერიკას დეოლიგარქიზაცია სჭირდება. მოვისმინეთ ბევრი სხვა კრიტიკული განცხადებაც ამერიკისა და დასავლეთის მისამართით. Როგორ აღიქვამთ სენატში ამ გზავნილს საქართველოს მთავრობისგან?
ჩვენ არ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ეს ქმედება ქართველი ხალხის ნებას ასახავს და არ გვგონია, რომ ისინი საკუთარ ხალხს უსმენენ. როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ჩვენთვის [სიტუაცია] ძალიან ნათელი იყო და გავიაზრეთ ის საშიშროება, რომელსაც რუსეთი საქართველოს უქმნიდა. ეს არაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს.
["უცხოეთის აგენტების" კანონი] მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ასე რომ ამ ქმედებას შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით და განვიხილავთ [საქართველოში შექმნილ სიტუაციას] როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში.
ჩვენი ქმედებები მიმართულია დამოუკიდებელი საქართველოსკენ - საქართველოსკენ, რომელსაც შეუძლია ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და სამომავლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა. გვინდა, რომ მათი პარტნიორები ვიყოთ. ვიყავით კიდეც მათი პარტნორები და ურთიერთობების გაღრმავება გვსურს. მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ ისინი [საქართველოს მთავრობა] ისეთ ქმედებებს ჩაიდენენ, რაც ქვეყანაში შეზღუდავს სიტყვის თავისუფლად გამოხატვას, დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობას, რაც შეუზღუდავს საზოგადოებას თავიანთი ხმის დაფიქსირებას ქვეყნის პოლიტიკასთან მიმართებით- ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო და ის მიჰყვება ბატონი პუტინის რუსეთის მაგალითს.
საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ სანქციების დაწესებით, მათი შეთავაზებითაც კი, ამერიკა საქართველოს აშანტაჟებს. Აუხსენით, ჩვენს მაყურებელს ზუსტად რას ცდილობს კონგრესი ამ საკანონმდებლო ინიციატივებით და არის თუ არა ეს შანტაჟი?
არა, ასე არაა. ჩვენ არ ვცდილობთ ქვეყნებს ვუთხრათ, რა უნდა გააკეთონ. ყველა ქვეყანამ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დემოკრატიებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ესაა ის პირობები, რაც საქართველომ დადო, ამერიკამ დადო. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვართ გაწევრიანებული, რომლებიც მხარს უჭერენ ხალხის ნებას, მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები. ჩენ არცერთ ქვეყანას არ მოვუწოდებთ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ჩვენ კომენტარს გავაკეთებთ თუ ვიფიქრებთ, რომ ისინი იმ მიმართულებით მიდიან, რაც იმ ღირებულებების საწინააღმდეგოა, რისიც ჩვენ ყველას გვჯერა.
ჩვენ არ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ეს ქმედება ქართველი ხალხის ნებას ასახავს და არ გვგონია, რომ ისინი საკუთარ ხალხს უსმენენ.
ვფიქრობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით, ვეძებთ კონსტრუქციულ გზას ამის გასაკეთებლად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა განსაკუთრებულად რთულ პერიოდებში. ჩვენ საქართველოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესსა და დემოკრატიაში ინვესტიცია ჩავდეთ.
საქართველოს მთავრობისგან საკმაოდ ხშირად გვესმის ფრაზა: "გლობალური ომის პარტია". ისინი მიანიშნებენ, რომ დასავლეთში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურთ. ასევე ბოლო დროს, ისევ გვესმის ხელისუფლების მხრიდან ნარატივი, რომლის მიხედვითაც, ამერიკა და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ. რა შეგიძლიათ, რომ ამაზე თქვათ?
თუ საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას გამოიკვლევთ, ნახავთ, რომ ამას რუსეთი აკეთებს. რუსეთი ეცადა, რომ აღედგინა თავისი ძალაუფლება [საქართველოზე]. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთ დროს რუსეთის გავლენის ქვეშ იყო, ისინი ცდილობენ ეს ისევ გააკეთონ.
ჩვენს ცდილობთ იმას მივაღწიოთ, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ და ჰქონდეთ ძირითადი ღირებულებები- ადამიანების უფლება, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი; ხალხის უფლება, რომ ჰქონდეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები. ეს ყველაფერი ძირითადი ღირებულებებია, რასაც საქართველო მიჰყვებოდა, მაგრამ ახლა ჩანს, რომ გზას ასცდნენ.
რომ შევაჯამოთ- როგორია საქართველოში მიმდინარე მოვლენების აღქმა ამერიკის სენატში, რას უნდა ელოდოს საქართველოს მთავრობა სენატისგან და როგორ ხედავთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს სამომავლოდ?
თუ საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას გამოიკვლევთ, ნახავთ, რომ ამას რუსეთი აკეთებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირები გამყარებულიყო. სულ რამდენიმე წლის წინ ვნახეთ, რომ საქართველომ არნახული წინსვლა განიცადა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და ევროპასთან ინტეგრაციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იქ გადაწყვეტილებების მიღებაში რუსეთი გარედან ერევა. ამის მთავარ მაგალითად კი გვესახება პუტინის რუსეთის სტილის "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონი", რომელიც ართულებს, თუ საერთოდ შეუძლებელს არ ხდის, რომ საქართველოში ხალხის ხმა გაიგონონ.
ამის შესახებ ჩვენ ძალიან ღია ვიქნებით, ამაზე ვისაუბრებთ - ეს გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, ნამდვილად ახდენს ზეგავლენას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე და როგორც [საქართველოს] მეგობრები, ვეცდებით, რომ ის სწორ გზაზე დავაყენოთ.