ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. 24-გვერდიან დასკვნაში, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა დეტალურადაა განხილული ე. წ „უცხოეთის აგენტების კანონი“, მისი მიღების წინაპირობები, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მისი მიზანშეწონილობა.
მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ამ კანონის უმთავრესი მიზანია ქვეყანაში გამჭვირვალობის შემოტანა, ვენეციის კომისია, ამ ფორმით „გამჭვირვალობას“ კანონის შემოსაღებად საჭირო იურიდიულ მიზეზად არ განიხილავს.
„მხოლოდ ამ ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით შეიძლება დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს ლეგიტიმური საფუძველი გაერთიანების თავისუფლების შესაზღუდად. თუმცა კანონი არ აცხადებს პრეტენზიას ამ მიზნების მიღწევაზე“,- წერია განცხადებაში.
„განმარტებითი ბარათი ასევე მოიხსენებს გამჭვირვალობას, როგორც კანონის ერთადერთ მიზანს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიას სურს, ხაზი გაუსვას იმას, რომ გაერთიანების მუშაობის საჯაროობა, ან გამჭვირვალობა არ არის იმ ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალში, რომლებიც ასახულია „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის ევროპული კონვენციის“ მე-11 მუხლში, გაერთიანების თავისუფლად განხორციელების შეზღუდვის დაშვების ლეგიტიმურ მიზნად“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
ვენეციის კომისია განმარტავს, რომ ლეგიტიმურ მიზეზებს შორისაა ეროვნული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, არეულობისა და დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა და სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. თუმცა, კომისიის თქმით, საქართველოს მთავრობას ეს მიზეზები კანონის შემოღების მოტივად არ უწერია.
„მხოლოდ ამ ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით შეიძლება დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს ლეგიტიმური საფუძველი გაერთიანების თავისუფლების შესაზღუდად. თუმცა კანონი არ აცხადებს პრეტენზიას ამ მიზნების მიღწევაზე“,- წერია განცხადებაში.
გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს მმართვლი გუნდის მიერ მიღებული კანონის მიზნად ვენეციის კომისია ზოგიერთი ორგანიზაციისა და მედიის სრული გაჩუმების საშიშროებას ხედავს:
„კანონის სავარაუდო მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ობიექტურად ქმნის გაერთიანებებისა და მედიის, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ, სტიგმატიზაციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ მათი აღმოფხვრის რისკს. არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ის გავრცელდება იმ ასოციაციებსა და მედია საშუალებებზე, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი“,- წერია ვენეციის კომისიის შეფასებაში.
კომისიის დასკვნა მოცულობითია და ის მუხლობრივად, თუ შინაარსობრივად განიხილავს იმ კანონს, , რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უყარა კენჭი და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
„საბოლოოდ, ვენეციის კომისია მკაცრად ურჩევს [საქართველოს მთავრობას] კანონის ამ ფორმით გაუქმებისკენ , რადგან [კანონის] მის ფუნდამენტურ ხარვეზებს მოჰყვება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მიმართულებით."
საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს მთავრობამ კანონი ისე მიიღო, რომ კომისიის შეფასებებს არ დაელოდა. თან იმის ფონზე, რომ ევროპელი მეგობრები მოუწოდებდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობას, არ მიეღო ეს კანონი.
„ვენეციის კომისია წუხს, რომ მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა [ვენეციის კომისიის] დასკვნას, ვიდრე ამ კანონს მიიღებდა“,- ამბობენ ვენეციის კომისიაში.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვენეციის კომისია ე.წ „აგენტების კანონს“ „ადამიანის უფლებებისადმი სენსიტიური“ და „ძალიან საკამათო“ უწოდა. კომისიაში განმარტავენ, რომ კანონის მიღების პროცედურამ „არ დატოვა ადგილი ნამდვილი დისკუსიისა და შინაარსობრივი კონსულტაციებისთვის და უგულვებელყო ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთება.
ვენეციის კომისიის დასკვნით, ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს:
„ვასკვნით, რომ აკრძალვები, რომელსაც ეს კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და კონფიდენციალურობის უფლებების მიმართულებით, შეუთავსებელია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 (2); მე-10 (2) და მე-11 (2) მუხლებთან, ასევე „საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ მე-17(2); 19 (2) და 22 (2) მუხლებთან, ვინაიდან ის არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე როგორ არადისკრმინაციულობის პრინციპს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-14 მუხლითაა განსაზღვრული“, - წერია კომისიის დასკვნაში.
ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მსგავსად, ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევის რეკომენდაციას აძლევს:
„ვენეციის კომისია წუხს, რომ მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა [ვენეციის კომისიის] დასკვნას, ვიდრე ამ კანონს მიიღებდა“
„საბოლოოდ, ვენეციის კომისია მკაცრად ურჩევს [საქართველოს მთავრობას] კანონის ამ ფორმით გაუქმებისკენ , რადგან [კანონის] მის ფუნდამენტურ ხარვეზებს მოჰყვება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“,- ამბობენ ვენეციის კომისიაში.
დასკვნის ბოლოს, ვენეციის კომისია მზაობას გამოხატავს, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით. დასკვნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, სოციალურ მედია X-ზე განცხადება გაავრცელა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბუჩიჩმა და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები.
ვენეციის კომისია კონსტიტუციურ საკითხებში ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა. კომისიის ოფიციალური სახელია ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად”. მისი მუდმივი სამდივნო საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სათავო შენობაშია.
„ქართულ ოცნებაში“ ვენეციის კომისიის შეფასებას „პარადოქსულს“ უწოდებენ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ.
ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს.
ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.