ამერიკული გამოცემა “პოლიტიკო” წერს, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე ორი მიმართულებით მუშაობს - მათგან ერთი ე.წ. “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის ინიციატორების მიმართ სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს, მეორე კი წამახალისებელ ნაბიჯებს ორი ქვეყნის ურთიერთობაში, თუკი “ქართული ოცნება” უარს იტყვის მზარდ ანტი-დასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებების კუთხით უკუსვლას.
“პოლიტიკოს” ცნობით, კანონპროექტი, რომელსაც სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესს, სავარაუდოდ, ამ კვირაში წარუდგენს, ითვალისწინებს საქართველოსთან ამერიკულ ბაზარზე უკეთესი წვდომისთვის სავაჭრო რეჟიმის გადახედვას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ. ამასთან, ეს კანონპროექტივე დაავალდებულებდა ამერიკის ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს "უსაფრთხოებისა და თავდაცვის იმ აღჭურვილობას, რაც იდეალურად შეესაბამება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვის საჭიროებებს, თანმხლებ წვრთნებს, ტექნიკურ უზრუნველყოფას და სხვა მხარდამჭერ ელემენტებს ოპერირებისთვის"
თუმცა, გამოცემის მიერ ნანახი დოკუმენტის თანახმად, ეს პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ამერიკა დაადასტურებს, რომ "საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით, ექნება მტკიცებულება სულ მცირე იმის, რომ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო კამპანია".
ამ სტატიამდე რამდენიმე საათით ადრე, "პოლიტიკომ" გამოაქვეყნა კიდევ ერთი მასალა, სადაც წერდა, რომ მისმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი ქართველი კანონმდებლებისა და სამართალდამცავი უწყებების მესვეურების წინააღმდეგ სპეციალურ ზომებს ითვალისწინებს. ჟურნალისტი გებრიელ გევინი წერს, რომ ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც ე.წ. “უცხოეთის აგენტების” კანონის ინიცირებასა და მის დამტკიცებაზე, ასევე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელნი, შესაძლოა ინდივიდუალური სანქციების სამიზნე გახდნენ. წარმოდგენილი კანონპროექტით, სანქციები სავარაუდოდ ქონების გაყინვა და კონკრეტული მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სამოგზაურო შეზღუდვების ფორმით იქნება შეთავაზებული.
კანონპროეტი, რომელზე დაყრდნობითაც “პოლიტიკო” ამ მასალას აქვეყნებს, განმარტავს, რომ “ქართული ოცნება”, “მზარდად და სამწუხაროდ” იზიარებს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას, რომელიც მხოლოდ ნაწილია ასევე “მზარდად არალიბერალური მიმართულებისა”. ამავე კანონპროექტში, გამოცემის თანახმად, ნათქვამია, რომ “თბილისი თავს ესხმის ამერიკას და სხვა, დასავლური დემოკრატიის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი ზრდის და აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან."
გასულ კვირას, საქართველოში ვიზიტისას, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა თქვა, რომ თუკი საქართველო ამ კანონს მიიღებდა, ვნახავდით "ამერიკისგან დაწესებულ შეზღუდვებს", რომელიც ფინანსებსა და მოგზაურობას შეეხებოდა. თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა გასულ კვირასვე თქვა, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ამოქმედება, აიძულებდა ამერიკის მთავრობას, "ფუნდამენტურად გადააფასოს საქართველოსთან შეერთებული შტატების ურთიერთობა".
საქართველოს პარლამენტმა გასული კვირის დასაწყისში კანონი მესამე და საბოლოო მოსმენით, უწყვეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ქვეყნის პრეზიდენტმა მას, ხელმოწერის ნაცვლად, ვეტო დაადო და კონკრეტული შენიშვნები ამა თუ იმ მუხლის ან პუნქტის შეცვლასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უახლოეს მომავალში გეგმავს.