საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
"უცხოეთის გავლენის კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესებამება. თუ კანონი ძალაში შევა, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ივნისში განვიხილავთ იმას, თუ რა პასუხი და ქმედება მოჰყვება ამას ევროკავშირის მხრიდან",- წერს ბორელი.
მისივე თქმით, "ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი ევროკავშირის მომავლის მიმართ".
27 მაისს, ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, რომლის დღის წესრიგში, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის გარდა, იყო საქართველოში ე.წ. "აგენტების კანონის" განხილვა და მასთან დაკავშირებული პროცესები.
ბრიუსელში, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბორელმა აღნიშნა, რომ განხილვის თემა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.
"ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიარეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან" დაკავშირებით. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.
ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მისცეს თავისი ქვეყნის კურსს. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს იმ სარგებელზე, რომელსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - განაცხადა ბორელმა.