ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი კობახიძე მადლიერია დეპუტატების, ვინც პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს


"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, საგანგებო განცხადება გააკეთა.

საქართველოში მიმდინარე რამდენიმეკვირიანი ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პრემიერ-მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობას, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60%-ზე მეტი უცხადებს."

"უცხოელების კრიტიკას", როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარტნიოროებისა და მოკავშირეების, ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას უწოდებს და ამბობს, რომ მისთვის "გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობენ- საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, ამგვარ სცენარს, ეფექტურად დააზღვევს."

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ევროპელი ლიდერებისგან, ასევე ამერიკელი ოფიციალური პირებისგან ისმოდა განცხადებები, რომ ამ კანონის მიღება, ხელს შეუშლის საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ პირიქით, "კანონი, ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას - დეპოლარიზაციას."

ამასთან, კობახიძის განცხადებით, "გამჭვირვალობის კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა."

84 მომხრე, 4 წინააღმდეგი - ხმათა ამ რაოდენობით, საქართველოს პარლამენტმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. საპარლამენტო პროცესი, რუსეთაველის გამზირზე, ხალხმრავალი პროტესტის ფონზე წარიმართა, რაც ახლაც გრძელდება.

XS
SM
MD
LG