ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის“ - ევროპელი დიპლომატები ვეტოს დაძლევაზე


საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რამდენიმე ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. მათი ნაწილი გასული კვირების განმავლობაში თბილისშიც იმყოფებოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი უკან გაეწვია.

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა წასულიყო ევროპული ინტეგრაციის გზით და განუსაზღვრელი ვადით დატოვოს თავისი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში“, - წერს სოციალურ ქსელში მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლანდსბერგისი.

"ამ კანონის მიღება აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არავისთვისაა სასარგებლო, თითქმის არავისთვის", - დასძენს ლიეტუვის პირველი დიპლომატი.

პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტიც. "საქართველო უკეთესს იმსახურებს", - ამბობს გიტანდას ნაუსედა. "დამოუკიდებლობის დღიდან სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ, ახალი კანონი არის დემოკრატიული ღირებულებებისგან საშიში ჩამოცილება, ის ქვეყანას ევროპას აშორებს. ლიეტუვა ყოველთვის დაუჭერს მხარს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს", - ამბობს ლიეტუვის პრეზიდენტი.


"ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის იმ გადაწყვეტილების გამო, რომ მიიღოს კანონი, რომელიც გადაახვევინებს ქვეყანას მისი ევროინტეგრაციის გზიდან", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. "გასულ წელს საქართველოს მიეცა შანსი კანდიდატის სტატუსის მიცემით. ეს იყო ისტორიული მომენტი ქართველი ხალხისთვის და ამ ხალხის მიერ მკაფიოდ მხარდაჭერილი. სევდიანი დღეა", - ამბობს ბაიბა ბრაჟე.

მაიკლ როთი , გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც წერს, რომ ეს „სევდიანი დღეა საქართველოსა და ევროპისთვის“:

"საქართველოს პარლამენტმა "უცხო ქვეყნის აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მე ვდგავარ ყველა იმ ქართველის გვერდით, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ღირსებისთვის. არ დაგავიწყდეთ: "როდესაც ისინი მდაბლად იქცევიან, ჩვენ ვიქცევით ღირსეულად". არ დანებდეთ, არჩევნები მალე იქნება", - მიმართავს როთი მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც კანონს ეწინააღმდეგება.

რიჰარდს კოლსი, ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატი ამბობს, რომ გზა, საითაც "ქართულ ოცნებას" საქართველო მიჰყავს, არის "გზა არსაით":

“ეს ღრმად იმედგამაცრუებელი დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი ევროპისთვის. მიუხედავად მნიშვნელოვანი შიდა პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა, საქართველოს მთავრობამ „უცხოეთის აგენტების შესახებ" წინააღმდეგობრივ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ეს კანონმდებლობა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის უმთავრეს ნორმებსა და ღირებულებებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს კი - აფერხებს. თავისუფლებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სხვლა ამ კანონს არ შეესაბამება. პარტია „ქართული ოცნების“ მსგავსება, შესაბამისობა რუსეთთან არის რეგრესიული და არასწორი გზა, რომელსაც საქართველო დაპირებული მომავლისგან შორს მიჰყავს, იმ მომავლისგან, რომელსაც ევროპასთან შესაბამისობა, მსგავსება სთავაზობს. ესაა გზა არსაით“, - წერს რიჰარდს კოლსი, ლატვიელი პოლიტიკოსი.

პარლამენტში კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა ამერიკელი ყოფილი დიპლომატი მაიკლ მაკფოლიც, ის პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა და რუსეთში ამერიკის ელჩიც იყო: „ტრაგიკულია. საქართველო შორდება დემოკრატიასა და ევროპას და მიიწევს დიქტატურისა და რუსეთისკენ. ვისთვისაა ეს სასარგებლო? არა ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის“ - წერს მაკფოლი "X"-ზე.

საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით კვლავ დაამტკიცა. თბილისში კანონის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაცია გრძელდება.

XS
SM
MD
LG