ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომი გრძელდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით სახმელეთო ოპერაციის პარალელურად ღაზის სამხერთ ნაწილზე ისრაელმა, გასულ ღამეს, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანა, რაც ეხმარება ისრაელის თავდაცვის ძალებს შევიდნენ ქალაქ რაფას ღრმა წერტილებში და გააგრძელონ სახმელეთო ოპერაცია.
„ისრაელის იერიშები მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა, თვითმფრინავებიდან, ვერტმფრენებიდან და ტანკებიდან ისროდნენ“,- უყვება სააგენტო „როიტერს“ რაფაში მცხოვრები ადამიანი.
სააგენტო ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ტანკები უკვე გამოჩნდნენ მჭიდროდდასახლებული ქალაქის მისადგომებთან.
ქალაქ რაფას მილიონობით ადამიანი აფარებს თავს, ბევრი, დაახლოებით, 800 000 ადამიანი დევნილია. მათ ჯერ კიდევ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყებისას მოუწიათ, საკუთარი სახლების დატოვება და უსაფრთხო თავშესაფრის მოძიება.
სპეციალისტების თქმით, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება, ომის დროს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის რისკებს აჩენს. საომარი მოქმედების დროს უკვე დაღუპულია 35 000 ადამიანი.
ამასთან სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ რაფაში ისრაელის სახემელეთო ოპერაცია ხელს უშლის ღაზის სექტორის ამ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას. არსებობს შიში იმის შესახებ, რომ შექმნილმა ვითარებამ და ჰუმანიტარულმა კრიზისმა კიდევ უფრო მეტი ადამიანის შიმშილი გამოიწვიოს.
სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ისრაელის ტანკები ქალაქ რაფას სიღმეში იმყოფებიან, უფრო დასავლეთით ვიდრე ეგვიპტის საზღვრის მიმართულებით, სადაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.
მაშინ როცა ისრაელი ქალაქ რაფაზე შეტევას აგრძელებს, „ჰამასი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იერიშები მიიტანეს ისრაელის თავდაცვის ძალებზე და ორი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს.
ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელმა 7 ოქტომბერს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს და მოკლეს 1 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. 250 ადამიანი კი გაიტაცეს, მათი ნაწილი ამ დრომდე "ჰამასის" ტყვეობაში რჩება. მომხდარს მალევე მიენიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.
თავდასხმის შემდეგ მალევე ისრაელმა "ჰამასის" სრული განადგურების სურვილი გამოთქვა და ღაზის სექტორში ომი დაიწყო. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ომი საჰაერო იერიშებით შემოიფარგლა, მოგვიანებით კი ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
მიმდინარე ომის გამო ღაზის სექტორში 35 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს, რომელიც „ჰამასის“ მიერ კონტროლდება.
Facebook Forum