ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: "არ არსებობს ტოლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის”


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის გადაწყვეტილება, სამხრეთ ისრაელში „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმები და სამოქალაქო პირების გატაცება, ღაზაში ისრაელის სამხედრო პრაქტიკასთან გაათანაბროს.

ICC-ის მთავარმა პროკურორმა ორშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი მოითხოვა.

ICC-ის პროკურორის განცხადება ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის შესახებ იყო "აღმაშფოთებელი", - თქვა ბაიდენმა ორშაბათსვე გაკეთებულ განცხადებაში.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: არ აქვს მნიშვნელობა რას გულისხმობს ეს პროკურორი, არ არსებობს ტოლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის”, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც:

„ჰამასი" არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ებრაელების ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაზე ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები“, - თქვა ბლინკენმა.

ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ამერიკას, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ტერორისტულ მებრძოლ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული, დაგმო ICC-ის პროკურორის გადაწყვეტილება, მისი სამი წამყვანი წევრის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ. „ჰამასი“, ICC-ის პროკურორ კარიმ ხანს, „მსხვერპლის ჯალათთან გაიგივებაში“ ადანაშაულებს.

ისრაელი არ არის ICC-ის წევრი და მაშინაც კი, თუ დაპატიმრების ორდერი გაიცემა, ნეთანიაჰუს და გალანტს არ ემუქრებათ დევნის უშუალო რისკი. მაგრამ, ხანის განცხადება აძლიერებს ისრაელის ერთგვარ იზოლაციას იმ პირბებში, როცა ის აგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს. დაპატიმრების საფრთხემ, შესაძლოა, გაართულოს ისრაელის ლიდერების საზღვარგარეთ გამგზავრება.

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ICC-ის პროკურორის განცხადებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა და თქვა, რომ საერთაშორისო სასამართლო სისტემა კოლაფსის საფრთხის წინაშე დგას.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის ომი ღაზაში, გასული წლის ოქტომბერში, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა „ჰამასის“ ტერაქტმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 250 ადამიანი კი, „ჰამასმა“ დაატყვევა და მძევლად წაიყვანა.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის საპასუხო საომარი მოქმედებების შედეგად, ამ დრომდე, 35 400 პალესტინელი დაიღუპა. უწყება აცხადებს, რომ მსხვერპლთა შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია.

XS
SM
MD
LG