ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყინული რუსული აქტივების მოგება უკრაინის დასახმარებლად - ევროკავშირმა გეგმა დაამტკიცა


სამშაბათს ბელგიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ოფიციალურად მიიღეს გეგმა, რათა რუსეთის ცენტრალური ბანკის ევროკავშირში გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დაცვისთვის გამოიყენონ.

მაისის დასაწყისში ევროკავშირის ელჩების მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მინისტრებს მხოლოდ გეგმის გაფორმება სჭირდებოდათ. რუსეთმა დასავლეთი არაერთხელ გააფრთხილა იმ შედეგების თაობაზე, რაც მის აქტივებთან შეხებას მოჰყვებოდა და ვაშინგტონს ბრალი დასდო, რომ ევროპას აიძულებს რადიკალური ნაბიჯები გადადგას.

შეთანხმების მიხედვით, შემოსავლის 90 პროცენტი გადავა ევროკავშირის მიერ მართულ ფონდში, რომელიც რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას დააფინანსებს. დანარჩენი 10 პროცენტი კიევს სხვა მიმართულებებით დაუჭერს მხარს. ევროკავშირის დიპლომატებმა თქვეს, რომ უკრაინა პირველ ტრანშს ივლისში მიიღებს.

2022 წელს მოსკოვის უკაინაში შეჭრიდან ცოტა ხანში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინეს. მას შემდეგ, ევროკავშირი და „დიდი შვიდეული“ მსჯელობდნენ, ეს ფინანსები უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოეყენებინათ თუ არა და როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს.

სამშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი რუსული ფინანსური აქტივების ჩამორთმევაა და არა უბრალოდ მისი საპროცენტო სარგებლის გამოყენება.

ამ კვირაში შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი „დიდ შვიდეულს“ მოუწოდებდა დათანხმებულიყვნენ გეგმას, რომლითაც საპროცენტო სარგებელს უკრაინის დასახმარებელი უფრო დიდი სესხის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდნენ.

XS
SM
MD
LG