რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ უკრაინა გეგმავს რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმზე თავდასხმას. შოიგუს თქმით თავდასხმისთვის უკრაინა აშშ-ისა და ბრიტანეთის შედარებით გრძელი რადიუსის რაკეტებს გამოიყენებს.
2014 წლიდან მოყოლებული ყირიმი რუსეთს უკანონოდ აქვს ანექსირებული და ნახევარკუნძულს მის ტერიტორიად აცხადებს. კრემლში ამბობენ, რომ თუ ყირიმზე თავდასხმა მოხდება რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. რა ნაბიჯებს გადადგამს კრემლი ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრი წინასწარ არ საუბრობს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ყირიმზე თავდასხმა მოსალოდნელია ამერიკული „ჰაიმარსებით“ და ბრიტანული „შტორმ შადოუს“ გამოყენებით. შოიგუ ამბობს, რომ თუ ასე მოხდება ეს იქნება მკაფიო ნიშანი, რომ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი კონფლიქტში ჩაერთვნენ.
კიევი ამბობს, რომ სურს დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული, სადაც განთავსებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი. კიევში ამბობენ, რომ კონტრშეტევის დეტალებზე კომენტარს არ გააკეთებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ 4 ივნისიდან დღემდე უკრაინულმა ძალებმა რუსულ პოზიციებზე 260-ზე მეტი იერიში მიიტანეს.
„ჩვენი ქვედანაყოფების ჭკვიანური და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, ყველა შეტევა მოგერიებულია, მტერმა ვერ მიაღწია მიზნებს,“- ამბობს შოიგუ.
კონტრშეტევის ფარგლებში კიევის მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა 8 სოფლის დეოკუპაცია შეძლეს.
Facebook Forum