ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი კანონმდებლები ჯონსონის სკანდალურ წვეულებებზე ანგარიშს უყრიან კენჭს


19 ივნისს, ბრიტანელი კანონმდებლები იმ ანგარიშის შესახებ იმსჯელებენ, და სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ, რომელიც დისციპლინურმა კომიტეტმა ბორის ჯონსონის თაობაზე მოამზადა. საუბარია კორონავირუსის პანდემიისას მოწყობილ წვეულებებზე, რომელთა გამოც ჯონსონს პრემიერის პოსტის დატოვება მოუხდა. კომიტეტის ანგარიშის თანახმად, მოგვიანებით, ბორის ჯონსონი პარლამენტარებს ამ წვეულებების შესახებ განზრახ ატყუებდა.

სავარაუდოდ, ეს კენჭისყრა კიდევ უფრო მეტად გამოავლენს განსხვავებებს კონსერვატიულ პარტიაში. მომავალ წელს კი საყოველთაო არჩევნებია დანიშნული. ზოგიერთი კონსერვატორი აპირებს თავი შეიკავოს ანგარიშის შედეგად ბორის ჯონსონისთვის სადამსჯელო ზომების პაკეტისთვის მხარის დაჭერისგან. ზოგი კი მის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას.

პრივილეგიების კომიტეტის მიერ მომზადებულ პაკეტს ალბათ პარლამენტი მაინც მიიღებს, ოპოზიციონერი კანონმდებლების მხარდაჭერით.

ბორის ჯონსონმა პრემიერის შემდეგ პარლამენტარის მანდატიც დატოვა. ეს გასულ კვირაში მოხდა, მას შემდეგ, რაც საკომიტეტო გამოძიების შედეგები გახდა ცნობილი.

ქვეყნის პრემიერი რიში სუნაკი კენჭისყრას არ დაესწრება, თუმცა ის დიდი წნეხის ქვეშაა, მას გამუდმებით სთხოვენ პასუხს კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ამ ანგარიშს და გათვალისწინებულ ნაბიჯებს ჯონსონის წინააღმდეგ. სუნაკი ამბობს, რომ მისი რწმენით, კომიტეტმა ღირსეულად იმუშავა, მაგრამ ეს პარლამენტის საქმეა და არა - აღმასრულებელი ხელისუფლების. სწორედ ამიტომ, პრემიერის თქმით, მას არ სურს ვინმეს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა.

ბორის ჯონსონი კი, რომლის გუნდმაც 2019 წელს არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, თავად კომიტეტის წევრებს ადანაშაულებს წილისწამებაში და მის მიმართ შურისძიებით დამოკიდებულებაში.

კომიტეტის მიერ მომზადებული 100-გვერდიანი ანგარიში მოიცავს დეტალურ აღწერას იმ 6 ღონისძიებისა, რომელიც დაუნინგ სტრიტზე, პრემიერის რეზიდენციაში მაშინ გაიმართა, როცა ქვეყანაში პანდემიის დროს საკარანტინო ზომები მოქმედებდა. კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ლიდერმა მათ შესახებ პარლამენტარები განზრახ შეიყვანა შეცდომაში.

კომიტეტმა, რომელიც 4 კონსერვატორი და 3 ოპოზიციონერი დეპუტატისგან შედგება, არ გაიზიარა ჯონსონის დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ეს თავყრილობები რეგულაციების ფარგლებში იმართებოდა, და რომ მისი თანაშემწეები და მრჩევლები ამას სწორედ ასე მიიჩნევდნენ.

ბორის ჯონსონი გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. "მე მართებულად მჯეროდა, რომ ეს ღონისძიებები იყო გონივრულად აუცილებელი სამუშაო მიზნების შესაბამისად. ჩვენ პანდემიას ვმართავდით", - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG