ხუთშაბათს, სკანდალებში გახვეულმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ საკუთარი მინისტრების და კონსერვატიულ კანონმდებელთა უმეტესობის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგება, თუმცა თქვა, რომ მისი შემცვლელის შერჩევამდე თანამდებობაზე დარჩება.
დაუნინგ სტრიტის ოფისის წინ სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა თქვა: „დღეს დავნიშნე კაბინეტი, რომელიც ისევე როგორც მე, ახალი ლიდერის მიერ თანამდებობის დაკავებამდე იმუშავებს. ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა შვება იგრძნო და სავარაუდოდ საკმაო რაოდენობა იმედგაცრუებულიც იქნება. მინდა იცოდეთ, თუ რამდენად ვწუხვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვების გამო. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა.“
ჯონსონმა ბოდიში არ მოიხადა იმ მოვლენებზე, რომელმაც ის ამ განცხადების გაკეთებამდე მიიყვანა და თქვა, რომ მისი იძულებითი გადადგომა „ექსცენტრიული“ იყო.
თანამდებობის შესანარჩუნებლად დღეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლის დროს, ჯონსონი რამდენიმე უახლოესი მოკავშირის გარდა ყველამ მიატოვა მას შემდეგ, რაც სკანდალების სერიიდან ბოლო სკანდალებმა გატეხა მათი ნება, ჯონსონისთვის მხარი დაეჭირათ.
კონსერვატორებს ახალი ლიდერის არჩევა მოუწევთ. ამ პროცესს შეიძლება კვირები ან თვეები დასჭირდეს.
“YouGov”-ის რიგგარეშე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჯონსონის შემცვლელად, კონსერვატიული პარტიის წევრები უპირატესობას თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ანიჭებენ, მეორე ადგილზეა ვაჭრობის უმცროსი მინისტრი პენი მორდოუ და მესამეზე - ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი.
მთავარი ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ თუ კონსერვატორები ჯონსონს დაუყოვნებლად არ მოხსნიან, შეიძლება მან საპარლამენტო უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოითხოვოს.
თავდაპირველად ჯონსონი გადადგომას არ აპირებდა და როგორც ჩანდა წინააღმდეგობის გაწევას ფიქრობდა და გადააყენა მაიკლ კოვი, მინისტრთა ჯგუფის წევრი, რომელიც პირველი იყო, ვინც მას უთხრა, რომ საჭირო იყო გადამდგარიყო.
მაგრამ ხუთშაბათს, როდესაც კაბინეტის წევრების გადადგომების ტალღა წამოვიდა, ნათელი გახდა, რომ მისი პოზიციის დაცვა შეუძლებელი იყო.