ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის პოლიცია პრემიერის მიერ "კოვიდ" კარანტინის დარღვევის საქმეს იძიებს


სამშაბათს, ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ აწარმოებს გამოძიებას წვეულებების საკითხზე, რომელიც 2020 წლის კარანტინის დროს, "დაუნინგ სტრიტზე" გაიმართა. გამოძიება შეისწავლის, ბრიტანელი ოფიციალური პირები კორონავირუსის შეზღუდვებს თუ არღვევდნენ. ეს გამოძიება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე დამატებითი წნეხია.

პოლიციის კომისარმა კრესიდა დიკმა ლონდონის საკრებულოს, დედაქალაქის ადგილობრივი მთავრობის საბჭოს, უთხრა, რომ პოლიცია იწყებს "დაუნინგ სტრიტის" 10 ნომერში, (პრემიერის რეზიდენციაში) „მრავალი ღონისძიების“ გამოძიებას, რადგან ის შეესაბამებოდა პოლიციის კრიტერიუმს - გამოეძიებინა „კოვიდ-19“ წესების „ყველაზე სერიოზული და აღმაშფოთებელი“ დარღვევები.

ჯონსონი გადადგომის მოთხოვნების წინაშე დგას იმ ამბის გამოაშკარავების გამო, რომ 2020 წლის გაზაფხულზე და ზამთარში, ის და მისი თანამშრომლები დაესწრნენ წვეულებების წყებას იმ დროს, როდესაც მთელ ინგლისში სოციალური შეკრებების უმეტესობა აკრძალული იყო. აკრძალვებმა უბრალო მოქალაქეები აიძულა გამოეტოვებინათ ქორწილები, დაკრძალვები და დაბადების დღეები, მათი მეგობრები და ნათესავები კი საავადმყოფოებში სიმარტოვეში გარდაიცვალნენ.

ამ წვეულებების საქმეს უკვე იძიებს უფროსი საჯარო მოხელე სუ გრეი, რომლის ანგარიშის წარმოდგენასაც კვირის ბოლოს მოელიან. მის ანგარიშს მთავარი როლი ექნება იმაში დარჩება თუ არა ბორის ჯონსონი პრემიერის თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG