ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთის დაცვა უნდა მოერგოს რუსეთის „გრძელვადიან“ საფრთხეებს, ამბობენ კანონმდებლები


შვედეთის პარლამენტის თავდაცვის სპეციალურმა კომიტეტმა 19 ივნისს განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვა უნდა მოერგოს რუსეთის მიერ წარმოქმნილ საფრთხეზე ფოკუსირებას და უნდა გაიაზროს, რომ სამხედრო თავდასხმა არ არის გამორიცხული.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, შვედეთი ცდილობს რომ ქვეყნის თავდაცვა გააძლიეროს. სწორედ ამ მიზეზით, ფინეთთან ერთად, ქვეყანამ, გადაწყვიტა, რომ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეეტანა. ფინეთისგან განსხვავებით, შვედეთი ნატოში გაწევრიანებას კვლავ ელოდება, თუმცა თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ჯერ ვერ ხდება.

"რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია სტრუქტურული და მნიშვნელოვნად გაუარესებული უსაფრთხოების მდგომარეობა. რუსეთმა კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და ავლენს მაღალი რისკისადმი მიდრეკილებას", - ნათქვამია შვედეთის თავდაცვის სპეციალური კომიტეტის ანგარიშში.

"შვედეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს შემუშავებული იმისთვის, რომ გაუმკლავდეს გრძელვადიან საფრთხეს, რომელსაც რუსეთი უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. შვედეთზე შეიარაღებული თავდასხმა არ არის გამორიცხული",- ვკითხულობთ კომიტეტის განცხადებაში.

კომიტეტმა, რომელსაც მხარს უჭერენ უსაფრთხოების ექსპერტები და ეხება ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოების პოლიტიკა, განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს თავდასხმებში სხვა ქვეყნებზე, ან თუნდაც ბირთვული იარაღის, ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG