ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე "სულ რამდენიმე დღეში" განთავსდება. მისი თქმით, თუკი საჭირო გახდება, გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემების განსალაგებლადაც ყველაფერი მზადაა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს თქვა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე კონტროლს შეინარჩუნებს და მისი განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე 7-8 ივლისისთვის დაიწყება, მას შემდეგ რაც მისთვის საჭირო ტერიტორია და ნაგებობები მზად იქნება.
ეს განლაგება მოსკოვის მხრიდან ამგვარი ქობინების - მოკლე რადიუსის მქონე, შედარებით ნაკლებად ძლიერი ბირთვული იარაღის - პირველი მასშტაბური გადაადგილებაა რუსეთის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.
ამ ნაბიჯს ყურადღებით აკვირდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა მისი მოკავშირეები, ისე - ჩინეთიც, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომში, ბირთვული იარაღის გამოყეენების წინააღმდეგია.
ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო "ბელტა" კი ლუკაშენკოს განცხადებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქვეყანა ბირთვული ქობინების მისაღებად მზადაა.
ვლადიმირ პუტინმა მარტში განაცხადა, რომ მან ბელარუსთან შეთანხმებას მიაღწია და იქ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განალაგებს. პუტინმა თქვა, რომ ამერიკა ამგვარ იარაღს ათწლეულების განმავლობაში ათავსებდა სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში. ვაშინგტონმა ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა და თქვა, რომ თავად არ აპირებს საკუთარ ბირთვულ სტრატეგიაში ცვლილების შეტანას და ვერც იმის ნიშნებს ხედავს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდეს.