რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი, რომელზეც „ექსტრემიზმის“ მუხლით წარდგენილი ახალი ბრალდება განიხილება, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. განცხადება ამის შესახებ სასამართლოს წარმომადგენელმა გააკეთა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქმის დეტალები, რომლის გამოც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძირითად პოლიტიკურ ოპონენტს შესაძლოა პატიმრობის ვადა ათწლეულობით გაუხანგრძლივდეს, მედიისთვის უცნობი დარჩება.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების მაკცრი რეჟიმის კოლონიაში, მელეხოვოში გაკეთდა. იქ ნავალნი, თაღლითობისა და სხვა ბრალდებების საქმეებზე, უკვე იხდის 11,5 წლით განსაზღვრულ სასჯელს. ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნითაა შეთხზული.
ახალ ბრალზე გამართულ სასამართლოს პირველ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლები, სასამართლო განხილვის ოთახში არ დაუშვეს, თუმცა საშუალება ჰქონდათ ვიდეოსიგნალი გაეშვათ, სადაც ხმის გაგება თითქმის შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, ეს ვიდეოსიგნალიც შეწყდა და სწორედ მაშინ გამოაცხადა სასამართლოს სპიკერმა, რომ მედიას სხდომაზე წვდომა აღარ ექნება.
საქმის პროკურორებმა შეშფოთება გამოთქვეს უსაფრთხოების გამო და განაცხადეს, რომ დაგეგმილი „პროვოკაციების“ შესახებ მტკიცებულებები მიიღეს.
„რა შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო, ვიდრე მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონია, სადაც არავის უშვებენ, დარბაზშიც კი“ - დაწერა „ტვიტერზე“ საპასუხოდ ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა.
ნავალნის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კრემლი ცდილობს, პრეზიდენტის ოპონენტი ციხეში გატეხოს, სადაც ის ხშირად სამარტოო საკანში ჰყავთ მოთავსებული. კრემლი ნავალნის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს და გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. „ჩვენ თვალს არ ვადევნებთ ამ პროცესებს“ - თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
ნავალნი, რომელიც სოციალურ მედიაში, ადვოკატებისა და მოკავშირეების საშუალებით ავრცელებს განცხადებებს, რუსებს მოუწოდებს, „გაერთიანდნენ პუტინის სიცრუისა და კრემლის თვალთმაქცობის წინააღმდეგ ბრძოლაში.“
„ჩვენ ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას ომის წინააღმდეგ, პუტინის წინააღმდეგ. ეს იქნება ხანგრძლივი, ჯიუტი, დამქანცველი, მაგრამ ფუნდამენტური მნიშვნელობის კამპანია, რომლითაც ხალხს ომის წინააღმდეგ განვაწყობთ“ - ნათქვამია მის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს არის დაგეგმილი. ვლადიმირ პუტინს ჯერ არ დაუდასტურებია, გეგმავს თუ არა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას.