ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსეი ნავალნი იტყობინება, რომ კვლავ სადამსჯელო საკანში მოათავსეს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური აქტივობის გამო, ის ამ თვეში უკვე მესამედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში. ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციონერი ლიდერის "ინსტაგრამ" გვერდზე გამოქვეყნდა. ნავალნი ვლადიმირის ოლქის კოლონიაში იმყოფება.

სამშაბათს გამოქვეყნებულ ცნობაში ნავალნი ამბობს, რომ ის სადამსჯელო საკნიდან კვირას გამოუშვეს, მაგრამ ორშაბათს ისევ იქ დააბრუნეს. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ „პატიმრისთვის ის პოლიტიკურად ძალზე აქტიურია“.

"ისინი ძალიან ღიზიანდებიან ჩემ მიერ შექმნილი პატიმართა პროფკავშირებით და რაც კრემლის განსაკუთრებულ რისხვას იწვევს ისაა, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს სიაზე, რომელიც 6 000-მდე ოლიგარქს, კორუმპირებულ ოფიციალურ პირს, ასევე ომის მხარდამჭერ-დამხმარეს მოიცავს და ვინც საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდება", - წერს ნავალნი.

ოპოზიციონერის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, მისმა გუნდმა გამოაქვეყნა ადამიანთა ერთ-ერთი ბოლო სია, რომელიც იმ ოფიციალურ პირებს, ჟურნალისტებს, ცნობილ ადამიანებს ასახელებს, ვინც უკრაინაში შეჭრაზე, ნავალნის გუნდის განმარტებით, "პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი".

„სიმართლისა და დამოუკიდებლობისთვის საფასურის გადახდაა საჭირო და მე ჩემს წილს ვიხდი. აქ მე სხვაზე უარესად არ ვგრძნობ თავს, აქ ბომბები არ მეცემა. მძულს ეს ომი და მე და ჩემი კოლეგები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი დასასრული დავაჩქაროთ", - წერს ნავალნი.

24 აგვისტოს ოპოზიციონერი ლიდერი ხუთი დღით მოათავსეს სადამსჯელო საკანში იმის გამო, რომ მან დროულად არ შეასრულა ბადრაგის ბრძანება - „ხელები ზურგს უკან!“. ოფიციალურ მიზეზად „ბადრაგირების წესების დარღვევა“ დაასახელეს. მანამდე, ოპოზიციონერი სადამსჯელო საკანში პირველად 15 აგვისტოს მოათავსეს. ნავალნის თქმით, ამის ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ მას პერანგი უჭერდა და ზედა ღილი გაიხსნა.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როცა ის რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა. ევროპაში ის 2020 წლის აგვისტოში, რუსეთში მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. ნავალნის თქმით, მისი მოწამვლის უკან კრემლი და პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგას. თავდაპირველად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ძველ საქმესთან დაკავშირებით, საერთო რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მომხრეთა შეწირულებებთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. ნავალნი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მის შეფასებას ეთანხმებიან უფლებადამცველებიც, კრემლი კი ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG