ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს


კრემლის ცნობილი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, რუსული ციხიდან გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. ინფორმაციას დღეს მისი თანაშემწე ავრცელებს. "არ ვიცით, სად არის ახლა ალექსეი და რომელ კოლონიაშია ის გადაყვანილი" - აცხადებს ლეონიდ ვოლკოვი, ნავალნის აპარატის უფროსი, სოციალური ქსელის "ტელეგრამის" გვერდზე.

ალექსეი ნავალნი ბოლო 10 წელზე მეტია რუსეთის ოპოზიციის წამყვანი სახეა. მას თავიდან 2 წელზე მეტი მიუსაჯეს პირობითი სასჯელის დარღვევის გამო, მას შემდეგ რაც ნერვული აგენტით მოწამლული, უგონოდ მყოფი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადააფრინეს. ოპოზიციის ლიდერი "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტით მისი მოკვლის მცდელობაში კრემლს ადანაშაულებს.

24 მარტს ნავალნის, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს კრემლის "სისულელეს" უწოდებს, დამატებით 9 წელი მიუსაჯეს თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე. მას ასევე დაეკისრა 1.2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა. ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ბრალეულობა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი და სრულ ფაბრიკაციას წარმოადგენს.
მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ნავალნიმ სასჯელი განსაკუთრებული სიმკაცრის, მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში უნდა მოიხადოს, სადაც პატიმართან ვიზიტები და კომუნიკაცია შეზღუდულია. მანამდე ნავალნი პოკროვში მდებარე ნომერ მე-2 კოლონიაში იყო, მოსკოვიდან დაახლოებით 119 კილომეტრში.

ორი კვირის წინ ნავალნიმ თქვა, რომ მისი ბრალეულობა ხელოვნურად დაამძიმეს. ოპოზიციის ლიდერს ახლა ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნას ედავებიან, რომელიც ოფიციალური პირების მიმართ სიძულვილს აღვივებს. ასეთი ბრალდებები რუსეთში თავისუფლების აღკვეთას 15 და მეტი წლით ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG