რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კიდევ ერთმა მოკავშირემ, ალექსანდრ ჩერნიკოვმა რუსეთი დატოვა. ჩერნიკოვი ნავალნის რეგიონალური ქსელის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და მის კამპანიას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კალინინგრადის ანკლავში ხელმძღვანელობდა. ჩერნიკოვის თქმით, ის და მისი ოჯახი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.
ჩერნიკოვის თქმით, რუსულმა საგამოძიებო ორგანოებმა ის ორჯერ დაკითხეს, საქმეზე რომელიც „ექსტრემიზმს“ უკავშირდება. ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ცოტა ხნის წინ, რუსულმა სასამართლომ „ექსტრემისტულად“ ცნო, რამაც შედეგად ამ ორგანიზაციების არაკანონიერად გამოცხადება და მათი აკრძალვა გამოიწვია.
ნავალნი კვლავ ციხეში რჩება. ორი კვირის წინ, მისმა კიდევ ერთმა მოკავშირემ, სერგეი ბოიკომ, რომელიც მის გუნდს ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ედგა სათავეში, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის და მისი ოჯახი უკანასკნელი მოგზაურობიდან რუსეთში დაბრუნებას აღარ გეგმავენ პოლიტიკური დევნის შიშით.
ეს გადაწყვეტილება, ბოიკოს თქმით, გასულ თვეში, ნავალნის გუნდის წევრის, ქალაქ უფაში მისი მხარდამჭერთა ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელის ლილია ჩანიშევას დაკავებას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ განცხადება, რუსეთის დატოვების შესახებ ასევე გააკეთა ირინა ფატიანოვამ, სანქტ-პეტერბურგში ნავალნის გუნდის ხელმძღვანელმა. ფატიანოვას არ გაუმჟღავნებია თუ რომელ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას. მისი თქმითაც, გადაწყვეტილების მიზეზი ჩანიშევას დაკავება გახდა.
ნავალნი იანვარში რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. ამის შემდეგ ქვეყანაში ბევრი მისი მოკავშირის წინააღმდეგ საქმეები აღიძრა, ექსტრემისტულ ორგანიზაციების ჩამოყალიბების ბრალდებით.
Facebook Forum