ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რუსეთის საზღვრის კვეთის დროს დააკავეს. დღეს ნავალნიმ თავისი მხარდამჭერების გასამხნევებლად მიმართვა გაავრცელა და მოუწოდა მათ, რომ „არაფრის შეეშინდეთ“. თავად კი ამბობს, რომ არაფერს ნანობს.
„მე იმ პატიოსანი ადამიანების მხარეს ყოფნა ავირჩიე, ვისაც არ უნდათ, ან ვერ იქნებიან დაშინებულები. მე ეს გავაკეთე, არცერთი წუთით არ ვნანობ და ამის კეთებას გავაგრძელებ“,- წერია ნავალნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ პატიმრობის ერთი წლისთავზე სურს თავის მხარდამჭერებს გაუმეროს ის, რასაც სულ ეუბნებოდა მათ, რომ „არაფრის შეეშინდეთ“.
„ეს ჩვენი ქვეყანაა, სხვა არ გაგვაჩნია“,- მიმართავს პოლიტიკურ თანამებძოლებს, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული ნავალნი.
ნავალნის პატიმრობის ერთი წლისთავის აღსანიშნად, უფლებამდაცველმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო ამინისტია“ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააერთიანონ მცდელობა და ერთად მოითხოვონ ნავალნის გათავისუფლება.
45 წლის ალექსეი ნავალნი, შერემეტიევოს აერპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან თავის ცოლთან ერთად ბრუნდებოდა. ნავალნიმ გერმანიაში რამდენიმე თვე გაატარა, სადაც ის საბჭოთა ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ნავალნი, რომელიც გერმანელმა ექიმებმა სიკვდილს გადარჩინეს, ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. ნავალნის ბრალი ედება შინა პატიმრობის პირობების დარღვევაში.
გერმანიაში ყოფნის დროს, ნავალნიმ საგამოძიებო ფილმი გადაიღო და გამოაქვეყნა, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად გაარკვია, თუ ვინ ცდილობდა მის მოწამვლას. გამოძიებაზე დაყრდნობით, ნავალნი ამტკიცებს, რომ „ეფესბეს“ აგენტები, პუტინის ბრძანებით, მის მოწამვლას და მოკვლას აპირებდნენ.
კრემლი უარყოფს ნავალნის ბრალდებას და მას აბსურდულს უწოდებს.