რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ ციხის ჩინოვნიკების ბრძანებით, სულ მცირე, სამი დღის გატარება მოუწევს სამარტოო საკანში, რაც გისოსებს მიღმა მისი აქტიურობის საპასუხო სასჯელია.
პოსტი ნავალნის სამარტოო საკანში გადაყვანის შესახებ დღეს გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ამ დრომდე ზუსტად არაა ცნობილი, როგორ გაავრცელა პოლიტიკოსმა ინფორმაცია.
განცხადების მიხედვით, რომელიც ნავალნის გვერდზე გავრცელდა, სამარტოო საკანში მყოფებს უფლება არ აქვთ მიიღონ ვიზიტორები, დაწერონ წერილები და ერთადერთი, რაც ახლა ნავალნის საკანში გააჩნია არის მისი "ჭიქა და წიგნი". ამავე განცხადების მიხედვით, ნავალნის დღეში მხოლოდ ერთი საათით რთავენ უფლებას, რომ საწერი კალამი და ფურცელი ჰქონდეს.
ალექსეი ნავალნი ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტია რუსულ პოლიტიკურ წრეებში. ის ერთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. პოლიტიკოსი მაშინ დააკავეს, როდესაც 2021 წლის იანვარში გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. დაკავებულს სასამართლომ მალევე 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ის პირობითი სასჯელის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც მას ქვეყნის დატოვების უფლებას უზღუდავდა.
ნავალნი რუსეთიდან გერმანიაში, უგონო მდგომარეობაში თვითმფრინავით გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის რუსული ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი მკვლელობის მცდელობასა და მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს.