ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული ძალები ხერსონში წარმატებას აღწევენ, დონეცკი კვლავ იბომბება


უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, გასულ ღამეს რუსული მხარე დონეცკის რეგიონის დაბომბვას აგრძელებდა, თუმცა კიევის მტკიცებით, უკრანული ძალები ახერხებენ შეტევის მოგერიებას და ქვეყნის სამხრეთში, ხერსონის რეგიონში ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ, ღამის მიმართვაში თქვა, რომ მიუხედავად გამუდმებული დაბომბვისა, "ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა საფეხურზე და ყველა ფრონტზე, გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო რამდენადაც შესაძლებელია, შევინარჩუნოთ ერთობა და მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩვენს ანტი-საომარ კოალიციაში".

"რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, უფრო დასუსტდება რუსეთი და უფრო მალე დასრულდება ომი", უთხრა მან უკრაინის მოქალაქეებს და განმარტა, რომ კიევი საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობს, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადება, რათა ხერსონის რეგიონი კიევის კონტროლს დაუბრუნდეს. რეგიონი რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ესაზღვრება.

განსაკუთრებით მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს სოფელ პისკისთვის, რომელიც დონეცკის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს ცნობებს. მათივე ინფორმაციით, გრძელდება მზადება რეგიონში რეფერენდუმის ჩასატარებლად, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის.

XS
SM
MD
LG