ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელიტური ფოტოები განადგურებულ რუსულ ავიაბაზას ასახავს


ხუთშაბათს გამოქვეყნებული სატელიტური სურათები, ანექსირებულ ყირიმში განადგურებულ რუსულ ავიაბაზას ასახავს. ავიაბაზის განადგურება თავდასხმას მოჰყვა, რომელიც ანალიტიკოსებს აძლევს საშუალებას იმსჯელონ, რომ კიევს ახალი, შორი დისტანციის დარტყმის შესაძლებლობა აქვს, რომელსაც ომის მიმდინარეობის შეცვლის პოტენციალი აქვს.

დამოუკიდებელი სატელიტური ფირმის, „Planet Lab”-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, ნაჩვენებია სამი იდენტური კრატერი და განადგურებული სამხედრო თვითმფრინავები.

რუსეთი უარყოფს, რომ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად თვითმფრინავები დაზიანდა და კვლავ ირწმუნება, რომ აფეთქება შემთხვევითი იყო.

ოფიციალურ კიევს, საჯაროდ ამ დრომდე არ აუღია პასუხისმგებლობა საჰაერო თავდასხმაზე, ასევე არ ამბობს, როგორ განხორციელდა ის.

„ოფიციალურად, ჩვენ არაფერს ვადასტურებთ, ან უარვყოფთ; არსებობს უამრავი სცენარი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო... იმის გათვალისწინებით, რომ ერთდროულად აფეთქებების რამდენიმე ეპიცენტრი იყო“ - აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

დასავლელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ზარალის მასშტაბი და დარტყმის აშკარა სიზუსტე, პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგებით, ახალ ძლიერ შესაძლებლობებზე მიუთითებს.

რუსეთი, რომელმაც ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა, ნახევარკუნძულს შავი ზღვის ფლოტის ბაზად იყენებს. ასევე, მთავარ სამომმარაგებლო გზას, საკუთარი საოკუპაციო ძალებისთვის, რომლებიც უკრაინის სამხრეთით არიან. მომდევნო კვირებში, უკრაინა, სწორედ სამხრეთში, კონტრშეტევას გეგმავს.

„მე არ ვარ დაზვერვის ანალიტიკოსი, მაგრამ ეს კარგად არ გამოიყურება“ - ეს კომენტარი დაურთო თავის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ სურათს, რომელიც განადგურებულ რუსულ ბაზას ასახავს, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, მარკ ჰერტლინგმა. ჰერტლინგს, „ტვიტერზევე“ უპასუხა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ეროვნული უსაფრთხოების ჯაშუშური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა, მაიკლ ჰეიდენმა - „მე ვარ. ეს ძალიან კარგია.“

XS
SM
MD
LG