ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმის ავიაბაზაზე აფეთქებებისას 5 ადამიანი დაშავდა


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებების ხმა გაისმა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს არ არის უკრაინული მხრიდან თავდასხმა და აფეთქება ბაზაზე, იარაღის საწყობში მოხდა.

თვითმხილველები საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უყვებიან, რომ შუადღისას, დაახლოებით 12:00 საათამდე, აფეთქების ხმა გაიგონეს. აფეთქებები ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბაზაზე, ქალაქ ნოვოფედორივკის მახლობლად მოხდა. მოწმეები ყვებიან, რომ ბოლო აფეთქების ხმა პირველის შემდეგ, დაახლოებით 30 წუთის მერე გაიგონეს და ის ყველაზე ძლიერი იყო. მოსკოვი აცხადებს, რომ უკვე გადადგმულია ნაბიჯები იმისთვის, რომ მომხდარის მიზეზები დაადგინონ.

ყირიმის ნახევარკუნძულზე ამ დრომდე ინტენსიური საარტილერიო იერიში თუ სახმელეთო შეტაკებები არ მომხდარა. განსხვავებით უკრაინის სხვა ნაწილებისგან და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებებისგან, საითკენაც ძალებს მოსკოვი, ზოგჯერ, სწორედ 24 თებერვლამდე ოკუპირებული მიწებიდან აგზავნის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ აფეთქებები ტყვია-წამლის რამდენიმე საწყობში მოხდა, დაშავებული კი, მათი თქმით, არავინაა. თუმცა, რუსული სახელმწიფო მედია სააგენტო "ტასის" ცნობით, ყირიმის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ხანძრის მიზეზის შესახებ საუბარი, თუმცა შეახსენებს სახანძრო უსაფრთხოების და ზოგ ადგილას მოწევის აკრძალვის თაობაზე. ასევე, სამინისტრო დასძენს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა "ტერორისტი სახელმწიფოს" მხრიდან, "საინფორმაციო ომში იყოს გამოყენებული" და გამორიცხული არაა, "შემთხვევით", ადგილზე "ამერიკული ნავთობკომპანიის კვალი, სავიზიტო ბარათი ან დნმ-ის ნიმუშიც კი აღმოჩნდეს."

XS
SM
MD
LG