ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრონტზე რუსეთის მიღწევები, მისივე გეგმებს ჩამორჩება - ბრიტანული დაზვერვა


ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი სამხრეთ უკრაინაში „თავდაცვას აძლიერებს“. ამასთან, აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, უკრაინულ პოზიციებზე თავდასხმას აგრძელებს. ბრიტანეთის სადაზვერვო უწყების მონაცემებით, გასულ თვეში, რუსეთმა, მხოლოდ 10 კილომეტრით წინსვლა მოახერხა.

ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის ბოლო, 9 აგვისტოს გასაჯაროვებული შეფასების მიხედვით, დონეცკში, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი, ბოლო რვა წლის განმავლობაში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს აქვთ დაკავებული, რუსეთმა მხოლოდ 3 კილომეტრით წინსვლა შეძლო.

ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ რუსული ძალების ეს ტემპი, „მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე დაგეგმილი იყო.“

„მიუხედავად იმისა, რომ ამ არეალში არტილერია მძიმედ გამოიყენება, რუსეთმა ვერ შეძლო საკმარისი ქვეითი ძალების გენერირება იმისთვის, რომ უფრო მნიშვნელოვანი წინსვლა უზრუნველყოს“ - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი თავდაცვის ხაზის გასაძლიერებლად, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს იყენებს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც სამხედროებს, ასევე ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინის არმიის შტაბმა, 9 აგვისტოს გამთენიისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალებისთვის „მაქსიმალური ზარალის“ მისაყენებლად, რუსეთი დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქების, ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით შეტევებს განაგრძობდა.

შტაბის განცხადებით, უკრაინული შენაერთების ფრონტის ხაზიდან განსადევნად, რუსეთის საჰაერო ძალები სამხედრო ობიექტებს ბომბავს. ამით, რუსული ავიაცია, საკუთარი ძალების საარტილერიო და სხვა სახმელეთო ოპერაციებს უწყობს ხელს.

კიევის სამხედრო სტრატეგები აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა, ივანი-დარიივკას, ბახმუტისა და ზაიცევის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებში, რუსეთი შეტევითი ოპერაციები მოიგერია.

ამასთან, კიევი აცხადებს, რომ ორი რუსული ხომალდი, რომლებიც საკრუიზო რაკეტებითაა შეიარაღებული, შავი ზღვის სანაპიროზე ბრძოლის მზადყოფნაშია.

ბირთვული კატასტროფის საფრთხე

ეს იმ ფონზე, როცა საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ აშფოთებს ატომური კატასტროფის რისკი, რაც გასულ შაბათ კვირას, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შემდეგ დგას.

ბირთვული კატასტროფის თავიდან არიდების მიზნით, უკრაინული ატომური ენერგეტიკული კომპანია „Enerhoatom“-ის ხელმძღვანელი გამოდის მოწოდებით, რომ ზაპორიჟია სამხედრო-თავისუფალ ზონად გამოცხადდეს.

„ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე თვითმკვლელობაა“ - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტერეში, ზაპორიჟიაში საერთაშორისო ინსპექტორების შესვლას ითხოვს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“, რუსეთის მიერ იქ დაყენებულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაწესებულება „ნორმალურ რეჟიმში“ მუშაობს.

აშშ-ის დამატებითი დახმარება უკრაინას

ამასთან, 8 აგვისტოს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დაშვებული ფონდებიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარების გაცემის საპრეზიდენტო ნებართვის შესახებ გამოაცხადა.

დახმარების ამ პაკეტში შედის:

  • დამატებითი ამუნიცია მობილური სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS)
  • 155 მმ კალიბრის 75,000 საარტილერიო ჭურვი
  • 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი სისტემის 20 ერთეული და 20,000 120 მმ-იანი ნაღმი
  • საბრძოლო მასალა მოწინავე “მიწა-ჰაერი” სარაკეტო სისტემისთვის National Surface-to Air Missile Systems (NASAMS)
  • 1,000 „ჯაველინი“ და ასობით ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა AT4
  • 50 ჯავშნიანი სამედიცინო ავტომანქანა
  • C4 ფეთქებადი მასალა, სანგრევი საბრძოლო მასალა და სანგრევი აღჭურვილობა
  • სამედიცინო მარაგები, რომელშიც შედის პირველადი დახმარების კომპლექტები, სახვევები, მონიტორები და სხვა აღჭურვილობა.​ გუშინვე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს, დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG